მთავარიგადაცემებიThe Europe Conversationკაია კალასი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის გეგმას - ისრაელთან...

კაია კალასი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის გეგმას – ისრაელთან ვაჭრობას სანქციები დაუწესონ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ წინადადებებს  ევროკავშირი-ისრაელის ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო ნაწილის შეჩერების შესახებ. ევროკომისიამ უკვე გამოაქვეყნა  დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირს სთავაზობს, რომ ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის პასუხად აღადგინოს გადასახადი ევროკავშირი-ისრაელის ვაჭრობაზე. ამ საკითხზე უფრო დეტალურად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ევრონიუსთან ინტერვიუში ისაუბრა.

შონა მიურეი, ევრონიუსი: „ევროკომისია უპრეცედენტო წინადადებით გამოვიდა და მოითხოვა ვაჭრობის ნაწილის შეჩერება ევროკავშირი-ისრაელის ასოცირების ხელშეკრულებაში. იქნებ, ცოტა უფრო დეტალურად გვესაუბროთ ამ საკითხზე, რადგან, მართალია, უპრეცედენტო რამ მოხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისმის კითხვა: რამდენად დაუჭერენ მას მხარს წევრი სახელმწიფოები?“

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: ეს კითხვა ყოველთვის ისმის. თუ გახსოვთ, ივლისში ევროპულ საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრებს მივმართე კითხვით, მაინც რა ინსტრუმენტები გვაქვს ხელთ, რომ რეალურად მოვახდინოთ ზეწოლა ისრაელის მთავრობაზე, შეცვალოს კურსი? იმიტომ, რომ თუკი ყველა თანხმდება დიაგნოზზე, მაშინ ერთ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: რა შეიძლება გავაკეთოთ? და, აი, ახლა უკვე მზადაა წინადადებები. ერთ-ერთი წინადადებაა ასოცირების შეთანხმების ვაჭრობის ნაწილის შეჩერება. 2024 წელს ისრაელთან ჩვენმა ვაჭრობამ 42 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა. ეს კი სერიოზული მაჩვენებელია. რაც შეეხება შეღავათებს, ვაჭრობის 37% შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს. ასე რომ, ეს ნაბიჯი ნამდვილად ძვირი დაუჯდება ისრაელს. თქვენ სწორი კითხვა დასვით: რამდენად მოიწონებს მას ევროპული საბჭო?

შონა მიურეი, ევრონიუსი: რომ დავაზუსტო, 42 მილიარდის 37%-ზეა საუბარი?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეღავათით სარგებლობაზეა საუბარი.

შონა მიურეი, ევრონიუსი: ესე იგი ისრაელიდან შემოსული საქონელი დაიბეგრება?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: დიახ.

შონა მიურეი, ევრონიუსი: გასაგებია. ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც ბლოკავს ამ ყველაფერს, არის გერმანია, რადგან ეს კონკრეტული წინადადება რომ გავიდეს, საჭიროა არა ერთხმად მიღება, არამედ კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა. და ეს მუდმივად ასე ხდება ბოლო ორი წელია. რას ეტყვით გერმანიის მთავრობას, თუკი ის ისევ დაბლოკვის გადაწყვეტილებას მიიღებს?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში:  ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ საგარეო საქმეთა საბჭოში ამ საკითხზე. და რადგან მხოლოდ გერმანიის საკითხი არ დგას, მე ასეთი კითხვით მივმართე ყველა კოლეგას, რომ თუ ეთანხმებით დიაგნოზს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმე, კატასტროფული და გაუსაძლისია, მაშინ საკითხავია, რას ვაკეთებთ ამის შესაჩერებლად? თუ ამ ზომებს არ ეთანხმებით, მაშინ რას აპირებთ? შემოგვთავაზეთ ალტერნატიული წინადადებები. თანაც გერმანიამ უკვე იმოქმედა,  როდესაც საქმე შეეხო ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გერმანიისთვის და თუ იქაური საზოგადოების აზრს გავითვალისწინებთ, ეს ძალიან რთული ნაბიჯი იყო.

შონა მიურეი, ევრონიუსი: თქვენი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ვიხილეთ ეს სახმელეთო შეტევა ღაზაზე, ასევე ცოტა ხნის წინ გენოციდის საერთაშორისო ასოციაციის მეცნიერებმა განმარტეს, რომ, რაც ღაზაში ხდება, გენოციდია, გაეროს კომიტეტიც იმავეს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ისრაელი იტყვის, რომ ეს არის პასუხი 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმაზე და რომ ისინი „ჰამასს“ ებრძვიან. მაგრამ თქვენ პირადად რა შთაბეჭდილება გრჩებათ ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: „ღაზაზე მიტანილი იერიში მოიტანს მხოლოდ მეტ ნგრევას, განადგურებასა და მოქალაქეთა მსხვერპლს.  ვერ ვამჩნევთ, რომ ამას შედეგი მოაქვს. შედეგი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, მხარეების ჯგუფური მუშაობა და მძევლების გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ ყველა ღონეს ვუჭერთ მხარს, რომლებიც ამ შედეგს დადებს.

შონა მიურეი, ევრონიუსი: ვიცით, რომ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა გენოციდი, მაგრამ პირადად თქვენ რას ფიქრობთ, რადგან  ყველა ორგანიზაცია ამას გენოციდად მიიჩნევს და თავად გენოციდის კონვენციაშიც წერია, რომ ყველას ვალია, აღკვეთოს ეს ქმედება.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: რასაკვირველია, სწორედ ამიტომ ვთანხმდებოდით ისრაელთან ჰუმანიტარულ საკითხებზე, რომ მართლა აღგვეკვეთა მთელი ეს საზარელი ამბები, რომლებიც ხდება და მართლა დავხმარებოდით იქ მყოფ ხალხს.

შონა მიურეი, ევრონიუსი: როგორ გგონიათ, ეს შეიძლება გენოციდი იყოს?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, რადგან, როგორც თავად ბრძანეთ, პასუხისმგებლობას განსაზღვრავს სასამართლო და საერთაშორისო კანონი. ამ ინსტიტუტებმა ასეთი ანალიზი დადეს. და, რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სინამდვილეში ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე.

შონა მიურეი, ევრონიუსი: გასაგებია. ზაფხულის დასაწყისში შეთანხმებას მიაღწიეთ ისრაელთან ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვანი ზრდის თაობაზე, საზღვრის კვეთაზე და ა.შ. რომ მეტ სატვირთო ავტომობილს შეუშვებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შეთანხმების მიხედვით არ გაკეთდა ყველაფერი. თქვენ ალბათ ძალიან გაგიცრუვდათ იმედი, რადგან, ერთი მხრივ, გაჩნდა იმედი, რომ ზოგიერთი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ სინამდვილეში რამდენიმე დღის შემდეგ ამ შეთანხმების ხელმოწერიდან, თუ არც მოწერილა ხელი და უბრალოდ შეთანხმება შედგა, ვნახეთ, რომ ბავშვები ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ადგილებში დახოცეს, სადაც ისინი წყლის ასაღებად მივიდნენ.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში:  დიახ. ეს მართლაც ძალიან მძიმე იყო, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რაც შეგვეძლო, შეგვერბილებინა მდგომარეობა ადგილზე. თუმცა საერთო სურათის აღქმა  ბევრ ელემენტს მოიცავს. იმას ვგულისხმობ, რომ უფრო მეტი სატვირთო შევიდა. ივლისამდე არცერთი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო არ შესულა. ჩვენი მცდელობის შემდეგ კი 2090-ზე მეტი სატვირთო შეუშვეს, რაც სულ არაფერს ჯობია, თუმცა საკმარისი არ არის, გეთანხმებით. აღდგა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, წყლის გამტკნარების სისტემა, რომელიც ღაზიდან მოდის. ასევე გაიხსნა საზღვარი იორდანიასა და ეგვიპტესთან. ასე რომ, შეთანხმების გარკვეული პუნქტები აღსრულდა, თუმცა მაინც არ მგონია ეს საკმარისი. ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგარ ხალხს. ეს არ არის სწორი გზა და ამიტომ ვცდილობთ ისრაელის მთავრობაზე ზეწოლას, რომ კურსი შეცვალოს.

შონა მიურეი, ევრონიუსი:  მართლაც, ვერცერთი სატვირთო ვერ შედიოდა ღაზაში, არავითარი სურსათი, ან ჩვილი ბავშვის  საკვები –  არაფერი.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: ივლისამდე არა. მერე კი, ნაწილი შევიდა.

შონა მიურეი, ევრონიუსი: ისრაელი კატარშიც დაესხა თავს „ჰამასის“ ლიდერებს სწორედ მაშინ, როცა მძევლებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა  სამშვიდობო მოლაპარაკებები. ისრაელის ყველაზე დიდმა მოკავშირემ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი მწვავედ გააკრიტიკა ამის გამო. მაინც რამდენად ემსახურებოდა ეს საქციელი ამ ვითარების განმუხტვას?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: ჩვენი აზრით, ამ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით შეუძლებელია. ასე რომ არ იყოს, უკვე მოგვარდებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რაც ღაზაში ხდება. ამიტომ ყოველმხრივ ვუჭერთ მხარს ნებისმიერ დიპლომატიურ მცდელობას ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიეთ.

შონა მიურეი, ევრონიუსი: ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ისრაელი უნდა გამოეთიშოს ყველა სახის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებასო. როგორც ვნახეთ, სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, ნიდერლანდები, ირლანდია და სხვები ამბობენ, რომ არ დაესწრებიან ევროვიზიას, თუ იქ ისრაელს დაუშვებენ. რას ფიქრობთ  ისრაელის გარიყვასთან დაკავშირებით? ეს, ცოტა არ იყოს, იმ მიდგომას ხომ არ ჰგავს, როგორც სამხრეთ აფრიკას ექცეოდნენ აპართეიდის დროს?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში:  ასე უნდა მოჰქცეოდნენ რუს სპორტსმენებსაც და გადაიდგა კიდეც ნაბიჯები. იმის თქმა მინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება მკაფიოდ მიანიშნებს საერთაშორისო იზოლაციაზე, სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოების დამოკიდებულებაზე –  იმ ქვეყნებისა, რომლებიც არ უჭერენ მხარს, ისრაელის მთავრობა რასაც აკეთებს. აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ მანიფესტაციები ისრაელშიც იმართება. იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების გულისწყრომას იმსახურებს, ისრაელელი ხალხი კი არ დგამს, არამედ ისრაელის მთავრობა.

შონა მიურეი, ევრონიუსი: როგორ გგონიათ, ისრაელის ასეთ გარიყვას ანტისემიტურის იარლიყს ხომ არ მიაკრავენ?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში:  რა თქმა უნდა, მეორე მხარე სწორედ ამ ბრალდებით გამოდის და სწორედ ამიტომ მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ ევროპულ დონეზე მხოლოდ ამ ნაბიჯებს არ ვდგამთ. ეს ისრაელის ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ მიდგომის მიზანია ზეწოლა ისრაელის მთავრობაზე, რათა კურსი შეცვალოს.

შონა მიურეი, ევრონიუსი: რაც შეეხება უკრაინის საკითხს, 19 დრონი შემოიჭრა პოლონეთში. რამდენიმე დღის წინ ერთი დრონი ქვეყნის პრეზიდენტის სასახლის თავზეც შენიშნეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პუტინი აღარ ერიდება რისკებს, როცა ასეთ რამეს აკეთებს.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: არა, პუტინი აშკარად ცდის დასავლეთს, რამდენად შორს შეუძლია შეტოპოს და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა პასუხს გავცემთ და რამდენად მკაცრი ვიქნებით.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინს სურს, შიში დათესოს ჩვენს საზოგადოებაში, რათა მთავრობებმა თავი შეიკავონ უკრაინის დახმარებისგან. რომ თქვან, არ გვინდა ეს ომი, ამიტომ ნუ დავუჭერთ მხარს უკრაინას, დაე, რუსეთმა მიიღოს, რაც სურს. მაგრამ ეს მცდარი მიდგომაა, რადგან სწორედ ეს უნდათ რუსებს, რომ მიიღებენ სასურველს და აგრესია გაამართლებს, რომ იმას მიიღებენ, რაც სურდათ უკრაინაში და ამის მერე ჩვენ ყველა განსაცდელში აღმოვჩნდებით. ჩემი აზრით, ეს უნდა გვახსოვდეს.

შონა მიურეი, ევრონიუსი: თუმცა პუტინი იმასაც ცდილობს, რომ იპოვოს განსხვავება ნატოს ფარგლებში ამერიკულ და ევროპულ მიდგომებს შორის. და ეს მართლაც საშიშია, არა?

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: აბსოლუტურად. სწორედ ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს ერთობა, რადგან მას ჩვენი გახლეჩა სურს. ეს აშკარაა. მას სურს, გაგვხლიჩოს, როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსი და როგორც ევროპა, რადგან თუ დავიყოფით, უფრო დავსუსტდებით. ეს ნათელია. ამიტომ ჩვენი პასუხი ის არის, რომ არ ვაძლევთ მას ამის ნებას.

შონა მიურეი, ევრონიუსი: მაგრამ ის ხომ მართალია, არა? იმას ვგულისხმობ, რომ ამერიკას არავითარი სანქცია არ აუმოქმედებია რუსეთის მიმართ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა. არ შესრულებულა არცერთი მუქარა რუსეთის მიმართ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით – ანუ რა შედეგი დადგებოდა, თუ ცეცხლს არ შეწყვეტდნენ. დონალდ ტრამპს არაფერი გაუკეთებია და არც უსაფრთხოების გარანტიის მიცემის რაიმე ნიშანი ჩანს.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: დიახ, თუ გადავხედავთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, პუტინი უბრალოდ დასცინის მის ყველა მცდელობას. რაც შეეხება ალასკის შეხვედრას, მას შემდეგ პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა თავდასხმები. უკრაინაზე ყველაზე ძლიერი საჰაერო შეტევა მიიტანა, მერე პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამ ყველაფერმა უნდა მიგვახვედროს, რასთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორთან, რათა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ვითანამშრომლოთ სანქციებზე, რადგან თუ ამ ომის შეჩერება გვინდა, მაშინ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ იმაზე, ვისაც ეს ომი  სურს. ეს კი რუსეთია.

შონა მიურეი, ევრონიუსი: რა მოხდება, თუ ეს ისევ განმეორდება, ისევ დაარღვევენ საჰაერო სივრცეს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ძვირია დრონების ჩამოყრა პოლონეთისა და ნატოსთვის, ეს პატარა დრონები ძალიან ძვირია. დიდი ფული სჭირდება ევროპის ტერიტორიის დაცვას.

კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში: სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ დრონების კედლის იდეა, რომელიც არც ისე ძვირი ჯდება. აყენებ სენსორებს, რომლებიც ინფორმაციას გაწვდის, თუ საიდან მოდის დრონი, პლუს გაქვს შემაკავებელი დრონებიც, რათა დრონმა დრონი ჩამოაგდოს. ეს კი არ ჯდება ძვირი და ამ ინიციატივით გამოვედით. ცოტა ხნის წინ ნატოს ოფისშიც ვიყავი  და SACEUR-საც ვესაუბრე, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა ამ მიმართულებით, რადგან ჩვენი ინტერესები გადაჯაჭვულია.

ავტორი: შონა მიურეი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend