ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
„შემოჭრა ფინეთის ყურის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამი „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ჯამში 12 წუთი გაატარა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, როდესაც სამი საბრძოლო თვითმფრინავი შემოვიდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, უპრეცედენტოდ თავხედურია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებას მოსკოვზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის სწრაფი ზრდა უნდა მოჰყვეს.


