თვითმართვადი ტრანსპორტი ახალი ხილი არ არის, თუმცა ეს კონკრეტული მოდელი თვითმფრინავებთან ძალიან ახლოს გადაადგილდება. გაიცანით შატლი MiCa, რომელიც ესტონურმა კომპანია Auve Tech-მა შექმნა.
„აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრობა სულ სხვა საკითხია. უსაფრთხოების უამრავი წესი და ნორმა არსებობს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. სწორედ ამიტომ შესაბამისი ნებართვის მიღება, რის წყალობითაც ახლა აქ, აეროპორტის ტერიტორიაზე გესაუბრებით, ერთგვარი სასწაულია!“ - ამბობს კომპანია Auve Tech-ის ავტოპარკის ოპერაციების ხელმძღვანელი, დეივის სეპი.
MiCa თვითმფრინავებთან ძალიან ახლოს გადაადგილდება. მრავალწლიანი ტესტირების შემდეგ ტალინის აეროპორტმა MiCa-ს აეროდრომის ზონაში დამოუკიდებლად მუშაობის უფლება მისცა. ცოტა ხნის წინ აუცილებელი იყო, რომ ტრანსპორტში მუდმივად მძღოლი ან ოპერატორი ყოფილიყო. ახლა კი მგზავრებთან ერთად სალონში შესაძლოა, არავინ იყოს. Auve Tech-ის განცხადებით, ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ დისტანციური მონიტორინგი სავსებით საკმარისია.
„MiCa წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით მოძრაობს. ამ მარშრუტის ფარგლებში დაწესებულია გარკვეული წესები, რომლებსაც შატლი იცავს. მას წინ საკმარისი მანძილის დანახვა შეუძლია გადაწყვეტილების მისაღებად; მაგალითად, ახლა ხედავთ, რომ გზაჯვარედინზე ვართ და სხვადასხვა მიმართულებას ვაკვირდებით, თუ მოძრაობა უსაფრთხოა, შატლი დაიძვრება. აი, ის ტრანსპორტიც დაინახა, მაგრამ რადგან ჩვენს სამოძრაო ზოლში არ არის, პრობლემა არ იქმნება და გზას ვაგრძელებთ“. - აცხადებს დეივის სეპი.
მართვის პუნქტიდან ერთ ოპერატორს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე შატლს ადევნოს თვალი. ტაავი რიივასი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანიის თავმჯდომარეა. ეს მისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც მოგებაზეა გათვლილი. კომპანიას მიაჩნია, რომ ამ მოდელის დანერგვა სხვა აეროპორტებშიც არის შესაძლებელი.
„თუ ერთდროულად სამი სატრანსპორტო საშუალების მუშაობას აკვირდები, ხედავ, რას აკეთებენ ისინი და საჭიროების შემთხვევაში მცირე მითითებებს აძლევ, მაშინ შეგვიძლია ფასი გავუტოლოთ იმ ტრანსპორტს, რომელსაც მძღოლი მართავს. და როგორც კი ამ სერვისს ასეთი სახით დავნერგავთ, მჯერა, რომ თვითმართვადი ტრანსპორტით გადაყვანის მასშტაბი ძალიან სწრაფად გაიზრდება“. - აცხადებს Auve Tech-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ტაავი რიივასი.
ამჟამად MiCa ანგარებს შორის გადაადგილდება და თვითმფრინავის მომსახურე პერსონალთან ერთად მცირე ხელსაწყოები გადააქვს. უფრო დიდი ზომის ნაწილებისთვის კვლავ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება. ტექნიკური მომსახურების კომპანია Magnetic MRO-სთვის მძღოლების ნაწილობრივ ჩანაცვლება კონკურენტუნარიანობის ზრდას ნიშნავს.
„ავიაციის სფეროს გიგანტებთან შედარებით ჩვენი კომპანია პატარაა. ამიტომ არსებობისთვის აუცილებელია, არასტანდარტულად ვიაზროვნოთ და ინოვაციები დავნერგოთ. გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა გვეცადა და ეს ნაბიჯი გადაგვედგა; შედეგად კი აქამდე მოვედით. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, აუცილებელია არასტანდარტული აზროვნება და კონკურენტებზე წინ ყოფნა“. - ამბობს Magnetic Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, რისტო მეოტსი.
შატლები, რომლებიც საკმარისად უსაფრთხოა თვითმფრინავებთან ახლოს გადასაადგილებლად, შესაძლოა ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლედ იქცეს. Auve Tech-ის განცხადებით, მისით უკვე დაინტერესდნენ ევროპისა და სხვა რეგიონების აეროპორტები. ესტონური კომპანიისთვის ეს შესაძლოა გლობალურ ბაზარზე გასვლის საშუალება იყოს.
„ვფიქრობ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. თუმცა ამით სამუშაო ადგილები არ დაიკარგება და არც არავის წავართმევთ დასაქმების შესაძლებლობას. ადამიანები, რომლებიც აქამდე აეროპორტში ტრანსპორტს მართავდნენ, უბრალოდ სხვა პოზიციებზე გადაინაცვლებენ და თავად ტექნოლოგიის მუშაობას გააკონტროლებენ. ეს ყველაფერს ბევრად ამარტივებს!“ - ამბობს Auve Tech-ის ავტოპარკის ოპერაციების ხელმძღვანელი, დეივის სეპი.
უპილოტო ტრანსპორტის გამოყენების სფერო სულ უფრო მეტად ფართოვდება. თქვენ ისურვებდით ასეთი ტრანსპორტით მგზავრობას?
