კატეგორიები

ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს კეტავს

ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს კეტავს
ესტონეთის ხელისუფლება 1-ლი დეკემბრიდან გეგმავს, სრულად ჩაკეტოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთთან.

მიზეზად ტალინი ასახელებს მოსკოვის მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რომელიც მიმართულია ბალტიისპირეთის სახელმწიფოში მდებარე, დრონების მწარმოებელი ქარხნის წინააღმდეგ.

ესტონელი სამართალდამცავი სტრუქტურების ვერსიიით, რუსული სპეცსამსახურები ცდილოდბნენ ობიექტში ხანძრის გაჩენასა და წარმოების პროცესის შეჩერებას.

საუბარია ადგილობრივი კომპანია Threod Systems-ზე, რომელიც აქტიურად აწარმოებს როგორც დამრტყმელ, ისე სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს - მათი უმეტესობა კი უკრაინაში ექსპორტზე გადის.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რუსეთის მორიგი მცდელობა, განეხორციელებინა დივერსიული აქტი ესტონეთში. ჩვენი კონტრდაზვერვის ინფორმაცია ადასტურებს, რომ ამ თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი იდგა. მას რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური აორგანიზებდა“, - განაცხადა ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

რუსულ მხარესთან ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გეგმებთან დაკავშირებით 15 ნოემბრის საღამოს განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, „გაატარონ ყველა შესაბამისი ზომა“ როგორც მოსახლეობის, ისე ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

მალევე ბალტიური ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, მარგუს ცაჰკნამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ტალინი საზღვარს 1-ლი დეკემბრიდან ჩაკეტავს, თუმცა რამდენი ხნით - უცნობია.

„ახლა მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც პრემიერ-მინისტრთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მთავრობას წარვუდგენ წინადადებას, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტები სრულად დაიკეტოს.

ეს ნიშნავს, რომ ყველას, ვინც მთავრობის რეკომენდაციის მიუხედავად, ნებისმიერი მიზეზით გაემგზავრა რუსეთში, სამშობლოში დასაბრუნებლად ორი კვირა რჩება. ამის შემდეგ კი უკან დაბრუნების გზა შესაძლოა ძალიან ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდეს“, - განაცხადა  იგორ ტარომ, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ესტონური მხარის გადაწყვეტილება მოსკოვმა ტრადიციულად „რუსოფობიის გამოვლინებად“ შეაფასა - ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წლის ივლისში კრემლმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაკეტა სარკინიგზო საზღვრები თავად ესტონეთთან, ასევე ლატვიასა და ფინეთთან.

რაც შეეხება დრონების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარ ინციდენტს. ესტონეთის გენერალური პროკურორის, ასტრიდ ასის განცხადებით, 14 ნოემბრის ღამის 3 საათისთვის რამდენიმე ადამიანი შეეცადა ტალინის ჩრდილოეთით მდებარე ვიიმსის დასახლებაში მდებარე კომპანიის ტერიტორიაზე შეღწევა, მათი მიზანი კი ცეცხლის გაჩენა იყო.

ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის განცხადებით, თავდამსხმელები ცდილობდნენ ფანჯრების ჩალეწვას და შენობაში აალებადი სითხის შესხმას, აფეთქების გამოსაწვევად.

კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის სწრაფად ჩაქრობა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არც საწარმოო პროცესი და არც პროდუქცია არ დაზიანებულა.

ესტონური მედიის ცნობით, ისინი ლატვიის მცხოვრებლები არიან, ხოლო ლატვიური მედია მათ ქვეყნის მოქალაქეებად მოიხსენიებს.

ლატვიის საინფორმაციო სააგენტო LETA-ს ინფორმაციით, მოსალოდნელი დივერსიის შესახებ ესტონეთს ინფორმაცია ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა, რომელიც მომხდარის საგამოძიებო პროცესშიც მონაწილეობს.

დაკავშირებული ამბები
ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს კეტავს ტალინის აეროპორტში, თვითმფრინავების მომსახურე პერსონალი თვითმავალ ტრანსპორტს გადაჰყავს