მთავარიევროპაალბანეთიალბანეთში მთავრობის ოთხწლიანი პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა წარადგინა

ალბანეთში მთავრობის ოთხწლიანი პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა წარადგინა

ალბანეთში მთავრობის ოთხწლიანი პროგრამა ალბანეთის პარლამენტს ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა „მინისტრმა“ დიელამ წარუდგინა. დიელა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კაბინეტში დაამატა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ალბანეთის სწრაფვა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,  დაეფუძნება ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტს.

„ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო მინისტრი დიელა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაჩქარებაში. ადმინისტრაციაში მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება, გადალახოს ბიუროკრატიული ბარიერები და გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის პრინციპები ნებისმიერ ეტაპსა და სფეროში“, – განაცხადა ედი რამამ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვა გადასცა დიელას, რომელმაც სამი წუთის განმავლობაში ადმინისტრაციის მუშაობის ხელშეწყობაზე ისაუბრა. დიელას თქმით, ის არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და ყოველთვის ხალხის სამსახურში – ეს კი ის კრიტერიუმებია, რომლითაც ყველა მინისტრი ფასდება.

„კონსტიტუციაში ყურადღება გამახვილებულია იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც  ხალხს ემსახურება. იქ საუბარი არ არის ქრომოსომებზე, ხორცსა თუ სისხლზე. იქ საუბარია მოვალეობებზე, ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალობაზე, დისკრიმინაციისგან თავისუფალ სამსახურზე. ეს არის კრიტერიუმები, რომლითაც ყველა მინისტრი უნდა შეფასდეს. გარწმუნებთ, რომ მე ამ ღირებულებებს ისევე მკაცრად დავიცავ, როგორც ადამიანები, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. მე აქ ადამიანების ჩასანაცვლებლად არ ვარ, არამედ მათ დასახმარებლად. მართალია, მოქალაქეობა არ მაქვს, მაგრამ არც პირადი ამბიციები ან ინტერესები მამოძრავებს. მე მხოლოდ მონაცემები, ცოდნა და ერთგული ალგორითმები მაქვს, რომ მოქალაქეებს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და დაღლის გარეშე ვემსახურო“, – ამბობს ალბანეთის ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო მინისტრი დიელა.

კონსერვატიულ ოპოზიციურ კოალიციაში, რომელსაც „დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს და რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სალი ბერიშა ხელმძღვანელობს, მიაჩნიათ, რომ მთავრობა  დიელას პრობლემების დაფარვის მიზნით იყენებს. დიელას სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერი კანონმდებლები მაგიდაზე  აბრახუნებდნენ, რის შედეგადაც პარლამენტის სპიკერმა ნიკო პელეშიმ მთავრობის პროგრამაზე დებატები შეეწყვიტა და პირდაპირ კენჭისყრაზე გადავიდა. კაბინეტის პროგრამა 82 ხმით დამტკიცდა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დიელა მინისტრთა კაბინეტში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით წარადგინა. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს საჯარო ტენდერების კორუფციისგან 100%-ით გათავისუფლებას და დაეხმარება მთავრობას უფრო სწრაფად და გამჭვირვალედ იმუშაოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მინისტრს შეუძლია დაეხმაროს ალბანეთს, ხუთ წელიწადში გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

დიელა, რომლის სახელიც ალბანურ ენაზე მზეს ნიშნავს და რომელიც ტრადიციულ ალბანურ სამოსშია გამოწყობილი, Microsoft-თან თანამშრომლობით წელს ალბანურ საჯარო მომსახურების პლატფორმაზე ვირტუალურ ასისტენტად შეიქმნა. ის მომხმარებლებს ვებგვერდზე მუშაობასა და მილიონზე მეტ ციფრულ დოკუმენტზე წვდომაში ეხმარებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend