ალბანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული მორიგი დემონსტრაცია საპოლიციო ძალებმა მორიგ ჯერზე დაშალეს ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი.
ტირანაში შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნა უკვე კარგა ხანია, ფაქტობრივად, გასცდა დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული სამშენებლო პროექტის გაუქმებას და ახლა უკვე მოიცავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნას.
დემონსტრანტთა თქმით, ალბანეთის ამჟამინდელი ხელისუფლება არანაირი ფორმით არ წარმოადგენს საზოგადოების ინტერესებს, დაშლას კი ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.
„ამ საპროტესტო მოძრაობამ იმედი მოგვცა და ჩვენში პატრიოტიზმის ძლიერი გრძნობა გააღვიძა. ამ პროტესტს დიდი იმედით ვუყურებთ, რადგან ის მართლაც ერთ-ერთია იმ იშვიათ მოძრაობათაგან, რომელმაც მთელი ალბანელი ერი გააერთიანა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის რეალურ ცვლილებებს მოიტანს და ხელს შეუწყობს ალბანეთის უფრო საცხოვრებლად ხელსაყრელ ქვეყნად გადაქცევას“, - ამბობს დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე რედიამ შკემბრი.
მოქალაქეთა მოთხოვნას, შეწყდეს აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პროექტის რეალიზება და გაუქმდეს ხელშეკრულება, ალბანეთის ხელისუფლება კატეგორიული უარით პასუხობს.
ქვეყნის მთავრობის მტკიცებით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროს განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, რადგან ყოფილი კომუნისტური წყობის სახელმწიფო ახლა ცდილობს, პოზიციონირდეს როგორც ელიტური ტურისტული მიმართულება და მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ.
მიუხედავად ამ ამბიციებისა, ბრიუსელიდან ტირანას მოუწოდეს, გადახედონ სამშენებლო პროექტის ხელშეკრულებას და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მორგება ევრობლოკის წესებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბანეთი გააფრთხილეს, რომ ეს შეაფერხებს მათ ევროინტეგრაციას.
