უკვე მესამე დღეა, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების მონაწილეობით საპროტესტო აქციები იმართება. ათასობით ადამიანი განათლების სისტემის რეფორმირებასა და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვს. დემონსტრაციები აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებით სრულდება.
ბოლო დაპირისპირება 14 ოქტომბერს მომხდარ არეულობას მოჰყვა, როდესაც დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობებს, ბანკებსა და კომერციულ ობიექტებს შეუტიეს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავდა 89 ადამიანი, მათ შორის — პოლიციის 61 თანამშრომელი.
ედი რამამ ვიდეომიმართვა გაავრცელა დამწვარი კოლეჯის შენობიდან, მან დაგმო მიმდინარე ძალადობა და ინციდენტის პროვოცირებაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა.
„ეს იმ ოპოზიციის ხელით ხდება, რომელიც ბრმების ნიღბებსაა ამოფარებული და ცეცხლითა და რკინით ცდილობს, ალბანეთი დააბრუნოს იქ, სადაც ის აღარასდროს დაბრუნდება. ეს არ არის სტუდენტების ნახელავი. სტუდენტები მომავალს განასახიერებენ, ისინი მომავლისკენ იყურებიან. სტუდენტებს აქ სიხარულით მივიღებთ; ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მათთან ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და გამოსავალი ვიპოვოთ იმ საკითხებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებს. ეს კი, პირიქით, იმ ადამიანების ნახელავია, რომლებიც ცდილობენ, ალბანეთი უკან დასწიონ ყოველ ჯერზე, როცა ქვეყანა აღმასვლისკენ მიისწრაფვის. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს და ყველა, ვისაც ამ ქაოსთან რაიმე კავშირი აქვს, აუცილებლად დაისჯება“. - განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამა.
განათლების რეფორმის მომთხოვნი სტუდენტები მთავრობის საწინააღმდეგო უფრო ფართო საპროტესტო მოძრაობას შეუერთდნენ, რომელიც მიმართულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებული ტურისტული პროექტის წინააღმდეგ. ეს პროექტი ალბანეთში კორუფციისა და უთანასწორობის სიმბოლოდ იქცა.
ამავდროულად, ალბანეთში ევროკავშირის დელეგაციამ ხელისუფლებას პროპორციული რეაგირებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოთქვა ტირანაში აქციის დროს განვითარებული მოვლენებისა და ძალადობის გამო.
