კრწანისში, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 17 კილომეტრში მდებარეობს, მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. ეს პრობლემა სეზონურად – სიცხისას კიდევ უფრო მწვავდება. ამ სოფელში წყალგაყვანილობის ქსელი კი არსებობს, მაგრამ სასმელი წყალი უკვე მრავალი წელია, გრაფიკით მოდის და მოძველებული გაყვანილობის გამო ხშირად ავარიულადაც ითიშება. სწორედ ამიტომ მოსახლეობის უმეტესობას სასმელი წყალი მუდმივად მომარაგებული აქვს – ამ მხრივ ყველაზე მეტად კორპუსების მცხოვრებლებს უჭირთ…

„მუდმივი წყალი არასდროს არ გვქონია… დილით 8-დან 12-მდე და საღამოს 10-დან რომელ საათამდე მოდის, ზუსტად არ ვიცი… ძალიან გაჭირვებაში ვართ. ასე გამოდის, რომ მთელი დღე არ გვაქვს წყალი… ბაკები გვაქვს დაყენებული… ამას წინათ ჩამოიარეს და ხელი მოგვაწერინეს, რომ ვთხოულობთ 24-საათიან გრაფიკს და შედეგი რა იქნება, ვერ გეტყვით”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები თინა ყოჩიაშვილი.
„მომზადებულია ხალხი – ზოგს „ბალონები” აქვს, ზოგს ის, ზოგს ეს, თუმცა უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს… ზოგიერთი ბოსტნებსაც რწყავს, ვისაც ეზოები აქვს… 24-საათიან მრიცხველებზე გადაგვიყვანეს და კმაყოფილი დარჩა ყველა – ველოდებით და მალე იქნება ალბათ 24-საათიანი წყალი… არ იქნება ეს ურიგო”, – გვითხრა პენსიონერმა კრწანისიდან.
„ვედროებს ვავსებ და მერე ვხმარობ… ახლა 8-დან 12 საათამდე მოდის დილით… მერე საღამოს… ზოგჯერ 8-ზე მოდის, ზოგჯერ – 9-ზე და 12-მდე, პირველ საათამდე არის ხოლმე.
ხშირად საერთოდ მოდის, როცა რაღაც ფუჭდება. ეს კი მესმის, მაგრამ 24 საათი რატომ არ უნდა გვქონდეს წყალი? სოფლებში ყველგან არის თითქმის და ჩვენ ქალაქთან ახლოს ვართ და წყალი მაინც არ გვაქვს… ხან არის, ხან არა… მით უმეტეს, ფულს ვიხდი. ზოგიერთი არ იხდის – მე ვიხდი ყოველ თვე – არცერთი „კაპიკი” დავალიანება არ მაქვს, მაგრამ წყალი მაინც არა მაქვს”, – ამბობს ლიუბა ყოლოშვილი.
საქართველოში დღეს 3370-მდე სოფელია, რომელთა ნაწილსაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება, სოფლების ნაწილში წყალგაყვანილობა საერთოდ არ არსებობს და მოსახლეობა წყაროს წყლით ან ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობს.

„ამ წუთში წყალი არის ძალიან ცუდად, გრაფიკით, მაგრამ ამ გრაფიკითაც არ მოგვეწოდება სრულად, როგორც საჭიროა, ამიტომ ხალხს “ბაკები” აქვს დამატებით, წყალს აგროვებენ და იქიდან მერე სარგებლობენ.. წლებია ეს პრობლემა გვაქვს, თუმცა ახლო მომავალში, ალბათ, 24 საათიანი წყალი ეღირსება კრწანისის მოსახლეობას”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი ემზარ მაკარაძე.
„15 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, ვმუშაობ და ეს მდგომარეობაა, საჭიროა დღეს, 21-ე საუკუნეში რომ ადამიანს წყალი, გზა და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ჰქონდეს. ალბათ, მომავალი წლიდან გვეღირსება ეს მადლიანი საქმე და ვინც წყალს მოგვცემს, ყველასი მადლობლები ვიქნებით… წყალზე რომ მადლობას იტყვი დღეს”, – იცინის ადგილობრივი პედაგოგი ზაზა მჟავანაძე. მის მსგავსად დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის მადლობას წინასწარ ამ სოფელში ბევრი ამბობს.
გარდაბნის სოფლებში დაგეგმილ წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ევრონიუს ჯორჯიამ ადგილობრივ თვითმმართველობას მიაკითხა… სოფლის ცენტრში მდებარე პატარა ადმინისტრაციულ შენობაზეც აქ წყლის ავზია დამონტაჟებული.

„ისტორიული მოვლენა შეიძლება რომ ამას დავარქვათ… მართლა მნიშვნელოვანი პროექტი იწყება – ძველი კომუნიკაციები სრულად თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს. რამდენიმე სოფელში გაკეთდება ეს პროექტი და, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდება ამ ყველაფერს… იანვარ-თებერვლიდან უნდა დაიწყოს სამუშაოები”, – ამბობს ევგენი ჯაჭვლიანი, გარდაბნის მერიის წარმომადგენელი სოფელ კრწანისში.
როგორც კედელზე გაკრული ბანერი გვამცნობს, 2015 წელს, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აქ რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელებსაც… ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ ერთ ახალ პროექტს ეჭვის თვალით უყურებს…

„კი გვინდა, რომ გავაჟღეროთ, მაგრამ მოსახლეობას მაინცდამაინც არ სჯერა, რომ განხორციელდება ეს პროექტი – მთავრობების ცვლილების პერიოდში ყველა ჰპირდებოდა, რომ დასრულდებოდა… ახლა ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ უნდა დასრულდეს”, – ამბობს გარდაბნის მერიის წარმომადგენელი სოფელ კრწანისში.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა მეზობელ სოფელ კუმისში. ჩვენი მისვლის მომენტისთვის იქ მხოლოდ ერთი წყარო დაგვხვდა, რომელშიც წყლის ნაკადი იმდენად მცირეა, რომ წყლის სასმელად შეგროვებაც კი ჭირს… როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, წყალმომარაგების ქსელზე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ წყლის მიწოდების რეჟიმი კიდევ უფრო გაუარესდა.

„ძალიან გვიჭირს – ადრე სასმელი წყალი მაინც არ გვიჭირდა, დასალევად გვქონდა… დასალევი წყალი არ მაქვს ახლა სახლში. რომ წამობრძანდეთ და მითხრათ: ერთი ჭიქა წყალი დამალევინეო – ვერ დაგალევინებთ..
სამი-ოთხი დღის წინ, ღამის პირველ თუ ორ საათზე მოვიდა წყალი… დილის 5 საათზე ავდექი და როგორც გავავსე პირველი ჭურჭელი – მოწყდა, დამთავრდა… ოთხი დღეა, მე წყალი არ მინახავს – ეს არის ჩემი სათქმელი… ვწვალობთ და ვაი ამ წვალებას… ახლა გამოსული ვარ სახლიდან, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, რომ წავიდეთ და მეზობელი სოფლებიდან, სადაც წყაროებია, მოვიტანოთ”, – გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები პეტრე ჯავახიშვილი.

კუმისის ტბასთან გაშენებულ სოფელში, სადაც 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელ წყალს ამ სეზონზე სარწყავად იყენებენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
„წინასწარ არ ვიცით-ხოლმე, მოვა, თუ არ მოვა – მოლოდინის რეჟიმში ვართ სულ… ცხელ ხაზზე რომ ვრეკავთ, გვეუბნებიან, რომ დღეგამოშვებით გვაქვს გრაფიკით წყალი, მაგრამ როგორც გვეუბნებიან ისე არ არის.
ქვემოთ უბნებში მოდის ხოლმე სამ დღეში ერთხელ – საღამოს 8-დან დილის 8-მდე არის წყალი, მაგრამ ზემოთ უბნებში საერთოდ ვერ ამოდის… ჩამოდიან და ქვემოდან ამოაქვთ, ვისაც ვყავართ ნათესავები, დასალევი წყალი – ასე იმარაგებენ”, – ამბობს კუმისის მცხოვრები მარიამ კახელაშვილი.
სპეციალისტები საუბრობენ იმ მიზეზებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მუდმივ პრობლემებს იწვევს.
„ამორტიზებულია წყალმომარაგების ძველი ქსელები, რიგ მუნიციპალიტეტებში საერთოდ არ არსებობს ასეთი ქსელები, რის გამოც წყალი არ მიეწოდება მრავალ დასახლებას, მოსახლეობა ჯერ კიდევ გამოიყენებს ინდივიდუალურ ჭებსა და წყაროებს. წყალი ხშირ შემთხვევაში არ მოწმდება… დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს წყალმოხმარების ზრდა, ისე რომ ვერ ხდება წყალმიმღები ნაგებობებისა და წყალმომარაგების ქსელის შესაბამისი ტექნიკური გაუმჯობესება”, – ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გარემოსდაცვითი მიმართულებით აკაკი ფანჩულიძე.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც ფანჩულიძე საუბრობს, სასმელი წყლის ხარისხია, რომლის კონტროლის ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებით ეკისრება. სპეციალისტის განმარტებით, სასმელი წყალი რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს, მონიტორინგის შედეგებზე კი მოქალაქეებს წვდომა უნდა ჰქონდეთ.
2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად „წყლის რესურსების მართვის შესახებ” ახალი კანონი დაამტკიცა, რაც ამ სფეროში სერიოზულ ცვლილებებს ითვალისწინებს. ამ ცვლილებების ნაწილია, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლიც, რომლის სრულად ამოქმედებაც 2026 წლიდან იგეგმება.
რეგიონებში სასმელი წყლის პრობლემებთან დაკავშირებით კითხვებით ევრონიუს ჯორჯიამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წერილობით მიმართა. ბევრი დაპირების მიუხედავად, მიმართვიდან სამი კვირის შემდეგ მათგან პასუხი ისევ არ მიგვიღია.
