თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პოეტის, ზვიად რატიანის, სასამართლო პროცესი დღეს, 9 სექტემბერს, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდავო გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ამ მტკიცებულებებს აღარ გამოიკვლევს – სხდომათა დარბაზში არ დაკითხავენ პროკურატურის მოწმეებს და არც საქმეში წარმოდგენილ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ.
ზვიად რატიანი და მისი დაცვის მხარე სილის გაწვნის ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა წარდგენილ ბრალს – პოლიციელზე თავდასხმას არ ეთანხმებიან.
საქმე ახლა დასკვნით ეტაპზე გადადის. მომდევნო სხდომა 16 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ქართველი პოეტი და მთარგმნელი, ზვიად რატიანი, 23 ივნისს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, დააკავეს. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც „პოლიციელზე თავდასხმას” გულისხმობს და სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
