კატეგორიები

მასშტაბური საპროტესტო აქცია ნეპალში

მასშტაბური საპროტესტო აქცია ნეპალში

8 სექტემბერს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ათიათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ სოციალური მედიაპლატფორმების  – Facebook-ის, X-ისა და YouTube-ის დაბლოკვა გადაწყვიტა.

მანამდე მთავრობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანიც, მათი თქმით, სოციალური პლატფორმების სათანადოდ, პასუხისმგებლობითა და ანგარიშვალდებულად მართვის უზრუნველყოფა იყო.

კანონპროექტს მალევე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. მათი აზრით, მთავრობას ოპონენტებზე პოლიტიკური შურისძიება სურს, კანონპროექტი კი ცენზურის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სოციალურ პლატფორმებზე პროტესტს ვეღარავინ გამოხატავს.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მცდელობად შეაფასეს.

მომიტინგეები ქვეყნის პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას შეეცადნენ. სპეციალური დანიშნულების რაზმებს ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენებით მათი დაშლა სურდათ, თუმცა დემონსტრანტების რაოდენობის გამო მათ უკან დახევა და პარლამენტის შენობისთვის თავის შეფარება მოუწიათ.

8 სექტემბრის საღამოს მთავრობამ ქალაქის ძირითად ნაწილებში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქვეყნის ხელისუფლები თქმით, ნეპალში ფართოდ გამოყენებულ დაახლოებით ოცამდე სოციალურ პლატფორმას არაერთხელ ეცნობა ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირების ვალდებულების შესახებ, თუმცა ზოგიერთმა არ გაიარა, რის გამოც გასულ კვირას ეს სოციალური ქსელები დაბლოკეს.

დაკავშირებული ამბები
ნეპალის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა დაშავებული მომიტინგეები მოინახულა სამდღიანი არეულობის შემდეგ ნეპალში ვითარება სტაბილურია
სხვა ამბები