სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში კვლავ მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა – ბელგრადში შეკრებილთა მთავარი მოთხოვნები კვლავ თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო იყო.
მომიტინგეები აპროტესტებდნენ მშვიდობიანი აქციების დარბევასა და მოქალაქეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ არ უნდა იყენებდნენ ხელკეტებსა და ცრემლსადენ აირს.
„ჩემი აზრით, ყველაფერი ნათელია. რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და, შესაბამისად, ვღელავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო რამდენიმე თვეში – დაინიშნება თუ არა არჩევნები. ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – აცხადებს ბელგრადის მცხოვრები ანა ტოსკიჩი.
დემონსტრაციის მთავარი ორგანიზატორები კვლავ სტუდენტები იყვნენ. მათ საპროტესტო ბანერებზე ეწერა გზავნილები – „სტუდენტები სერბეთის გულია“ და „გაიღვიძე, სერბეთო“.
„ვითარება, მართლაც, ძალიან შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია არა მხოლოდ ძალადობა და პოლიციის სისასტიკე ნოვი-სადში, არამედ ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სამხედრო სისტემაში მოიყვანეს გარკვეული ადამიანები. ეს ყველაფერი მოქალაქეებში შიშს იწვევს“, – ამბობს სერბი ოპოზიციონერი დრაგანა რაკიჩი.
სერბეთი საპროტესტო ტალღამ გასული წლის ნოემბრიდან მოიცვა, როდესაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფცია და უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები იყო.
თვეების განმავლობაში სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა გასულ თვეს იყო რამდენიმე ძალადობრივი შემთხვევაც. სერბეთში ვითარება კი უფრო მეტად 5 სექტემბერს დაიძაბა.
ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კვლავ არ აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. მან მომიტინგეები „სერბეთის განადგურების“ მიზნით საზღვარგარეთიდან მიღებული ბრძანებების შესრულებაშიც დაადანაშაულა. ვუჩიჩი ამბობს, რომ აუცილებლად ჩაახშობს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ეროვნულ მოძრაობას.
