სერბეთში ახალი პოლიტიკური ეპოქა დაიწყო - ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების 14-წლიანი მმართველობა დასრულდა. პრემიერ-მინისტრობის იმედად, თანამდებობიდან გადამდგარმა პრეზიდენტმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა - თანაც ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე:
„ბევრი გაოცებული დარჩება და მიხვდებით, როგორ იტყუებოდნენ ზოგიერთი ადამიანები და როგორ იგონებდნენ ამბებს. მინდა გითხრათ, რომ შერჩევითი მონაცემების მიხედვით ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტების სია“ 135-დან 140-მდე მანდატს მიიღებს, ჩვენ კი დაახლოებით 105-ს. პარლამენტში სხვა პარტიები ვერ მოხვდებიან.“
მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე 18 პარტია დახვდა, სერბეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მხოლოდ ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“ კენჭისყრის შედეგად შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რაც მას აძლევს მანდატს, დაიწყოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი.
„სტუდენტებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა იმედმაც, რომ სერბეთი შეიძლება გახდეს სამართლიანობის, თავისუფლებისა და ღირსების ქვეყანა. დაე, ეს ღამე იქცეს ახალი თავის დასაწყისად, რომელშიც აღარ დავიყოფით გამარჯვებულებად და დამარცხებულებად“, - განაცხადა რადომირ საიჩიჩმა, „სტუდენტური სიის“ წევრმა.
ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, ერთი მხრივ, ვუჩიჩის მხრიდან დამარცხების აღიარება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ოპონენტების მიერ გამარჯვების გამოცხადება გასაგები გახდა არჩევნებში დაფიქსირებული უპრეცედენტო, თითქმის 68%-იანი აქტივობის გამო.
სულ მცირე, ბოლო 14 წლის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ეს მაჩვენებელი არ ყოფილა.
ცნობილია, რომ კენჭისყრის პროცესში საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა 6 მილიონ 450 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა. ხმის მიცემის უფლების მქონე სერბეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ საზღვარგარეთ გახსნილ ოლქებშიც.
პოლიტიკური ცვლილებები უმალვე იზეიმეს ბელგრადის ქუჩებში. სერბეთის დედაქალაქის ცენტრში ათასობით მოქალაქე გამოვიდა, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა იყო.
„უბრალოდ საოცრებაა. დაუჯერებელი ატმოსფეროა. ეს ყველაზე ლამაზი ღამეა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვინახავს. ეს არის ყველაფერი, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით. ყველა პროტესტი, ყველა ღამე, რომელიც უნივერსიტეტებში გავათენეთ, ყველა მსვლელობა ერთი ქალაქიდან მეორეში - ყველა ის გზა, რომელიც ერთად გავიარეთ. ეს უბრალოდ საოცრებაა! მთელი ეს შრომა და სიყვარული, რომელიც ამ ქვეყანაშია, ამად ღირდა“, - ამბობს იგორ პანტელიჩი, სტუდენტი.
დემონსტრანტთა ნაწილის შეკრების ერთ-ერთ ადგილად იქცა ვუჩიჩის მხარდამჭერთა ბანაკი, რომლის დაშლაც პირველადი შედეგების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. ამ პროცესს პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.
შეკრებილთა ნაწილი თავს დაესხა სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტრანსპორტს, რის გამოც საჭირო გახდა ქუჩებში სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყვანა.
პარალელურად, მოქალაქეებმა დაიწყეს სამთავრობო შენობებთან თვეების განმავლობაში აღმართული ბარიკადების დემონტაჟი - როგორც ისინი უწოდებენ, „ვუჩიჩის მმართველობის დასასრულის სიმბოლოს“.
მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დღემდე გამართული სოციალური გამოკითხვები არ ავლენდნენ რომელიმე მხარის აშკარა უპირატესობას, ექსპერტები „სტუდენტურ სიას“ უწოდებდნენ 2012 წლის შემდეგ, სერბეთის მმართველი პარტიის ყველაზე სერიოზულ კონკურენტს.
ვიდრე ეს გაერთიანება ვუჩიჩის მთავარ პოლიტიკურ მეტოქე ძალად ჩამოყალიბდებოდა, ამას წინ უძღოდა ორწლიანი საპროტესტო ტალღა, რომელმაც სტარტი აიღო 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლადრეაბილიტირებული ბაქნის ჩამონგრევის შემდეგ. უბედურ შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეებმა კი ხელისუფლება სისტემურ კორუფციაში დაადანაშაულეს.
მოგვიანებით, საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ ქუჩებში გადმოინაცვლა, სადაც მთავრობამ დიალოგს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და დემონსტრაციების დარბევა ამჯობინა, თუმცა ამას ათიათასობით მოქალაქისთვის ხელი არ შეუშლია და პროტესტი უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გახდა.
საზოგადოების მოთხოვნებს დაემატა ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რისი მიღწევაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ მაინც შეძლეს.
დაქსაქსული პოლიტიკური ოპოზიციის ფონზე, ვუჩიჩის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებდა, ხოლო თავად ორგზის პრეზიდენტი სერბეთის პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებდა, თუმცა მოქალაქეთა უმრავლესობამ პროტესტის ორგანიზატორ სტუდენტებს მიანიჭა მანდატი, მათი სახელით მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.
შედეგები აჩვენებს, რომ სტუდენტურმა მოძრაობამ შეძლო ამომრჩევლების მოზიდვა უნივერსიტეტების კამპუსებს მიღმაც. ახალგაზრდობა მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო საყრდენი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი მხარდამჭერთა წრე გაფართოვდა და მოიცვა ქვეყნის საშუალო კლასის ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები და ის მოქალაქეებიც, რომლებსაც მანამდე ტრადიციული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა არ სურდათ.
ქუჩის საპროტესტო მოძრაობიდან ქვეყნის მართვაზე გადასვლა „სტუდენტური სიისთვის“ შესაძლოა გაცილებით რთული ამოცანა აღმოჩნდეს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვება.
სახელმწიფოს მართვა ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირთან ურთიერთობების, კოსოვოს საკითხის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, საჯარო ფინანსებისა და სერბეთის რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ.
ვუჩიჩის მთავრობა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოქმედებდა - ბელგრადში აცხადებდნენ, რომ ევროგაერთიანების წევრობა არის მათი ძირითადი ამოცანა, მიუხედავად ჩიხში შესული მოლაპარაკებების პროცესისა, თუმცა არც პეკინსა და მოსკოვთან ამბობდნენ უარს კავშირების განმტკიცებაზე.
სერბეთის პრეზიდენტს ხშირად სდებდნენ ბრალს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც ვუჩიჩი არაერთხელ ეწვია მოსკოვს, მათ შორის 9 მაისის „გამარჯვების აღლუმზე“ დასასწრებად და მაშინაც, როდესაც ბელგრადი არ უერთდებოდა ბრიუსელის მიერ ინიცირებულ, პუტინის მთავრობის საწინააღმდეგო სანქციებს.
მიუხედავად ასეთი ურთიერთობებისა, ვუჩიჩის მთავრობას კრიტიკას არც თავად მოსკოვი აკლებდა და ადანაშაულებდა საკუთარ მარაგებში არსებული საბჭოთა კალიბრის შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაში.
ასეთ მოცემულობაში, 14 წლის განმავლობაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ახლა „სტუდენტთა სიას“ პასუხისმგებლობა გახდა, რომელსაც რეალური პოლიტიკური გამოცდა მხოლოდ ახლა ელის წინ.
ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის იმედი უკვე გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
