ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან საუბარს გეგმავს. ეს კი ნაწილობრივ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუების, ნაწილობრივ კი ვლადიმერ პუტინთან გაუმჯობესებული ურთიერთობის ფონზე ხდება.
მას შემდეგ, რაც „მსურველთა კოალიციამ“ 26 ქვეყნის თანხმობა მოიპოვა და უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას დასთანხმდა, ჯერი ვაშინგტონზეა. სწორედ დონალდ ტრამპმა უნდა თქვას, თუ რა სახით იქნება ჩართული კიევის დაცვაში აშშ, მორიგი რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაცია პარიზში გამართულ შეხვედრაზე მისმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმაც მიიღო და თავად ტრამპმაც, რომელსაც შედეგები ტელეფონით გააცნეს.
„დიახ, მე ვაპირებ ვლადიმერ პუტინთან საუბარს. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს”, – ამბობს დონალდ ტრამპი.
რაც მოისმინა, იმით უკმაყოფილოა რუსეთი – ვლადიმერ პუტინი არ განიხილავს არცერთ ვარიანტს და არცერთ მანდატს, რომლითაც ნატოს წევრი სახელმწიფოები მის სამეზობლოში დგანან.
„თუ ჩვენთან გამოჩნდებიან რაიმე სახის სამხედრო დანაყოფები, განსაკუთრებით კი ახლა, საომარი მოქმედებების ფონზე – ჩვენ მათ ჩავთვლით კანონიერ სამიზნედ განადგურებისთვის. და თუ მიიღწევა შეთანხმებები, რომლებიც ხანგრძლივ მშვიდობასთან მიგვიყვანს, მაშინ მათი უკრაინაში განთავსების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. თუ შეთანხმება მიიღწევა, ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მას შეასრულებს. ჩვენ ვაპირებთ, პატივი ვცეთ ყველა უსაფრთხოებით გარანტიას, რომლებიც უნდა გამომუშავდეს რუსეთისა და უკრაინისთვისაც. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, სერიოზულ დონეზე, ეს საკითხი ჩვენთან არავის განუხილავს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.
ჯერ არა, თუმცა შემდეგ ნაბიჯად უკრაინისთვის უზრუნველსაყოფი უსაფრთხოებითი გარანტიების განხილვა სწორედ მოსკოვთან იგეგმება. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ შესაძლოა პუტინის წინააღმდეგობის შერბილება გარკვეული მექანიზმებით მოხერხდეს. მაგალითად, NBC მოლაპარაკებებში ჩართულ 4 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ამ შემთხვევაში გარკვეული ფუნქცია ნეიტრალურმა ქვეყნებმა იკისრონ, როგორებიცაა, მაგალითად, საუდის არაბეთი ან ბანგლადეში, რადგან მოსკოვი ნატოს წევრებს უფრთხის. შავი ზღვის მონიტორინგს საკუთარ თავზე თურქეთი აიღებდა, ხოლო აშშ ბუფერულ ზონას გააკონტროლებდა დრონებით, თანამგზავრებითა და სხვა საშუალებებით. საუბარია ფართო დემილიტარიზებულ ზონაზე, რომლის საზღვრებიც ჯერ არ შეთანხმებულა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უსაფრთხოებით სისტემებზე მუშაობს სწორედ ახლა უნდა დაიწყოს და დაიწყო კიდეც.
„იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ცდილობს, გააგრძელოს ეს ომი, ჩვენ უკვე დავიწყეთ იმგვარი უსაფრთხოებითი სისტემების მშენებლობა, რომლებიც მათ მშვიდობისკენ უბიძგებს. ყველა დეტალს ვერ გეტყვით, რადგან დიდი ნაწილი მგრძნობიარე სამხედრო შინაარსს შეიცავს. ჩვენ ვამზადებთ ძალას – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. “მსურველთა კოალიციის” 35 ქვეყნიდან 26 მზადაა, დაგვეხმაროს უსაფრთხოებითი გარანტიებით. ეს დიდი ცვლილებაა. ამ მხრივ არსებობენ ძლიერი ქვეყნები, იტალია ერთ-ერთი მათგანია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგვიდასტურა, რომ აშშ მზადაა ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის.
მომდევნო კვირას ვისაუბრებთ ერთმანეთთან იმაზეც, თუ ზუსტად რის გაკეთებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებით გარანტიებზე მუშაობა იწყება ახლა, ომის დროს და არა მისი დასრულების შემდეგ. გუშინდელი საუბრისას კი გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ელის უფრო ძლიერ ევროპას, ის იმედგაცრუებულია უნგრეთითა და სლოვაკეთით, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის შეძენას, ამით კი ომის მანქანის დაფინანსებას. ეს გზავნილი ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ მისგან პირადადაც მიიღეს. პრეზიდენტ ტრამპს სურს, შემცირდეს რუსული ენერგიის ექსპორტი ევროპაში და ვფიქრობ, ეს სწორი გზაა. რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულება ასევე ნიშნავს უფრო ძლიერ კავშირებს აშშ-სთან”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ენერგეტიკაზე საუბრები შემთხვევითი არაა. Reuters-ის ინფორმაციით, ევროპელებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ჯერ კიდევ ამდიდრებს რუსეთს, მისი ენერგორესურსების შეძენით. სლოვაკეთი და უნგრეთი ჯერ კიდევ გასულ კვირას მილსადენ „დრუჟბაზე” უკრაინის თავდასხმების გამო წუხდნენ. სლოვაკეთის პრეზიდენტმა რობერტ ფიცომ კი პუტინს პეკინში პირადად დაუდასტურა, რომ რუსულ ენერგიაზე უარის თქმას არ აპირებს. არც ევროკომისიის იმ გადაწყვეტილებას შეუერთდება, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთიდან ყოველგვარი ენერგოპროდუქტების ექსპორტს აუქმებს. ახლა ამ საკითხს ევროპარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს, კოპენჰაგენში კი ევროპელი ენერგეტიკის მინისტრები ხვდებიან, რათა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობას, უკვე აღმასრულებელ დონეზე დაუხვედრონ ნაბიჯები. ეს კი მხოლოდ ომს არ უკავშირდება, უფრო მეტად ეს ომის შემდგომ ევროპას ეხება.
„ჩვენ დაჩქარებულად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი იმ გამოწვევიდან, რომლითაც ჯერ კიდევ დამოკიდებული ვართ რუსულ ენერგიაზე. გასულ თვეს ჩვენ წარვადგინეთ შეთავაზება, სრულად ავკრძალოთ რუსული ენერგორესურსების იმპორტი და ახლა ეს ევროპარლამენტში განიხილება.
ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა აღარ მიიღებს შანტაჟს კრემლის მხრიდან. აღარ მივიღებთ რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებას და არ დავაფინანსებთ რუსულ ომს. მინისტრებთან შეხვედრაზე სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვსურს, შევწყვიტოთ იმპორტი რაც შეიძლება სწრაფად. მაშინაც კი, როდესაც დაისადგურებს მშვიდობა, ჩემი აზრით, არ უნდა შევისყიდოთ რუსული ენერგია. ეს არაა დროებითი სანქცია, ეს დარჩება სამუდამოდ.
ვთვლი, რომ ევროპა აღარასდროს იყიდის რუსული გაზის ერთ მოლეკულასაც კი მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება”, – აღნიშნა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, დან იორგენსენი.
ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ღიაა საკითხი ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ირგვლივ, რომელშიც მედიატორის როლი აშშ-ის პრეზიდენტს უნდა ეკისრა. რუსეთს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ შეხვედრისთვის მზადაა, თუ ის მასთან მოსკოვში ჩაფრინდება. უკრაინის პრეზიდენტი კი თვლის, რომ ამას პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ შეხვედრა არ სურს. რადგან ცოტას თუ წარმოუდგენია ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის დერეფნებში. მიუხედავად ამისა, კიევში თვლიან, რომ შეხვედრაზე საუბრები უკვე კარგი გზავნილია.
