კატეგორიები

„ხვალ ისინი ძლიერ და თავისუფალ უკრაინას შექმნიან” – გაკვეთილები სარდაფიდან

„ხვალ ისინი ძლიერ და თავისუფალ უკრაინას შექმნიან” – გაკვეთილები სარდაფიდან

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ომის დასრულებაა“ – 7 წლის ევა თავის ყველაზე დიდ ოცნებაზე, სარდაფში მოწყობილი სკოლიდან საუბრობს. სწავლა უკრაინის სკოლებში პირველ სექტემბერს განახლდა. იქ სადაც რუსეთი, უკვე მეოთხე წელია, ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

ორი წლის წინ, ჩრდილოეთ სუმის რეგიონის სოფელ ბობრიკში, ფრონტის ხაზთან ახლოს სკოლამ ბავშვების უსაფრთხოებისა და სწავლის გაგრძელების უზრუნველსაყოფად საკლასო ოთახები სარდაფში გადაიტანა. ამ ვიწრო სივრცეში ზოგ ოთახს სქელი პლასტმასის ნაჭრები ყოფს. აქ არც ფანჯრები და კარებია. გაკვეთილების დროს კი ბავშვების ხმები ერთმანეთში ირევა. სარდაფი იმდენად პატარაა, რომ სკოლა ორ ცვლაში, მოკლე შესვენებებით მუშაობს.

„უკვე მეორე წელია, რაც სარდაფში ვასწავლით ბავშვებს. და რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? ჩვენს სკოლასა და თავშესაფარს შორის მანძილი დაახლოებით 400 მეტრია. როდესაც საჰაერო განგაში ცხადდება და წინა წელს იყო ასეთი, დღეში 14, 16 თუ 18-საათიანი საჰაერო განგაში, სწავლა უბრალოდ არ მიმდინარეობდა. ბავშვები იკრიბებოდნენ, სხდებოდნენ საკლასო ოთახებში  და საჰაერო განგაშისას კვლავ იშლებოდნენ. ჩავატარეთ მშობელთა კრება, მოვაწყვეთ ყველაფერი, შენობა გავყავით, უზრუნველვყავით ელექტროენერგიით, გავაკეთეთ იატაკი და მოვაწყვეთ თანამედროვე ვენტილაცია“, – ამბობს ოლექსი კორენივსკი, სკოლის დირექტორი.

ბობრიკს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 2000-ია, პატარა სკოლა აქვს, სადაც თითოეულ კლასში დაახლოებით 10 ბავშვია. წელს კლასში მხოლოდ 7 პირველკლასელი იჯდა. ჯამში სკოლას 100-ზე ოდნავ მეტი მოსწავლე ჰყავს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ დაახლოებით 10%-მა დატოვა სკოლა და კიდევ უფრო მეტს აქვს გადაწყვეტილი წასვლა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო იყო, სკოლაში სწავლის გაგრძელება უკეთესი იქნებოდა.  ვფიქრობ, რომ პირისპირ სწავლა ჯობს, დისტანციურს, რადგან როცა რამე კითხვა მექნება, შემიძლია მასწავლებელს ვკითხო, ვესაუბრო თანაკლასელებს და ამიტომ თუ ონლაინსწავლასა და სარდაფში სწავლას შორის არჩევანის გაკეთება გიწევს, სარდაფი უკეთესია“, – ამბობს ვლადა მიხაილიუკი, 15 წლის მოსწავლე.

ბობრიკის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ უკრაინელმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თაობა არ დაიკარგოს, სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ განათლების მიცემისთვის ეს გზა უალტერნატივო იყო.

„წელს მეთერთმეტე კლასმა დაასრულა სწავლა. 2014 წელს ომი დაიწყო, ბავშვები მაშინ პირველ კლასში იყვნენ. სწავლა დაასრულეს, მაგრამ ომი გრძელდება. ეს ბავშვები ახლა უკვე სტუდენტები არიან. ისინი არიან ჩვენი მომავალი, ხვალ სინი დაიწყებენ სახელმწიფოს აღდგენას და ძლიერ და თავისუფალ ქვეყანას შექმნიან. მჯერა, ვოცნებობ და ასეც იქნება. სხვაგვარად ვერ მოხდება. უკრაინა ჩვენი იყო, არის და იქნება. ჩვენ მარადიულები ვართ“.

სკოლის შენობა, სადაც ადრე სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ახლა ცარიელია, თუმცა მისი საკლასო ოთახები მოსწავლეების დაბრუნებას ისევ ელის.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები