სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ბელგრადში ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ოფისის მიმდებარედ.
ისინი ვადამდელ არჩევნებს, ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის გამჭვირვალე გამოძიებასა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ დევნას ითხოვენ. ამასთან, მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, რომლის ჩახშობასაც, მათივე თქმით, ვუჩიჩი ცდილობს.
სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ნოვი-სადში განახლებული რკინიგზის სადგურის ჩამონგრევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები, რომლებიც ათი თვეა, ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობენ, მომხდარის მიზეზად კორუფციას ასახელებენ.


