„ევრობარომეტრის” ცნობით, საქართველოში ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 74% უჭერს მხარს, წინააღმდეგი მხოლოდ 5%-ია. ამის შესახებ ორგანიზაციის უკანასკნელ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2 სექტემბერს გამოქვეყნდა. იგი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდს მოიცავს, პროცესში 1000 გამოკითხული იყო ჩართული.
კვლევის თანახმად, მიმდინარე კვირას რეფერენდუმი რომ ტარდებოდეს, ევროკავშირის წევრობას მხარს თითქმის სამი-მეოთხედი დაუჭერდა. გამოკითხულთა 80% თვლის, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყანას უფრო მეტ უპირატესობას მოუტანს, ვიდრე ზიანს. ამასთან ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სანდო აქტორია, რომელსაც გამოკითხულთა 67% ენდობა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების 70% კარგადაა ინფორმირებული იმ ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც ევროკავშირმა ქვეყანას გაუწია. მათგან თითქმის ნახევარი – 48% თვლის, რომ დახმარება ეფექტური იყო.
კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მხრივ მაღალი მხარდაჭერა იყო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც, სერბეთის გამოკლებით. აქ ევროკავშირის წევრობას მხოლოდ 33% უჭერს მხარს, რაც შეეხებათ ალბანეთს – 91%, ჩრდილოეთი მაკედონია – 69%. ბოლო კვლევებით უკრაინაში ევრობლოკის წევრობა გამოკითხულთა 68%-ს სურს, მოლდოვაში კი 63%-ს.
სოციოლოგებმა გამოიკვლიეს კანდიდატ სახელმწიფოებში ევროკავშირის პოზიტიური იმიჯის მაჩვენებლებიც, ამ ნაწილში საქართველომ 43% აჩვენა, ალბანეთმა – 82%, სერბეთმა – 38%, მოლდოვამ – 55%, უკრაინამ – 49%. მკვლევრების თანახმად, ევროკავშირის იმიჯი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ სამეზობლოში, სერბეთი აქაც გამონაკლისია.
მონაცემების თანახმად, ევროკავშირისა და გაფართოების შესახებ ცნობადობის დაბალი მაჩვენებელი კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო გამოწვევაა. მოლდოვის რესპუბლიკის 48% არ თვლის, რომ საკითხს კარგად იცნობს, მონტენეგროში კი გამოკითხულთა 39% იზიარებს იმავე მოსაზრებას, 23% – უკრაინაში, სერბეთში კი 20%. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს ამ საკითხზე სამუშაო აქვს ცალკეულ ქვეყნებში.
იგივე გამოკითხვა ჩატარდა თურქეთშიც, თუმცა მეთოდოლოგიისა და კითხვარების გათვალისწინებით ევროკომისიაში ამბობენ, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ამ მონაცემების შედარება არ შეიძლება. თურქეთში გამოკითხულთა 50.7% აღნიშნა, რომ ევროკავშირს პოზიტიურად უყურებს, თუმცა მხოლოდ 40.6% თვლის თავს ამ საკითხის შესახებ ინფორმირებულად. ევროკავშირს თურქეთში 49% უჭერს მხარს. თურქეთისთვის ამ მხრივ მთავარ გამოწვევად გაწევრებაზე ხელისუფლების პოლიტიკური ნების ნაკლებობა რჩება, ასევე სამართლის უზენაესობისა და კორუფციის მიმართულებით არსებული პრობლემები.
იმავე კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა გაფართოებას უჭერს მხარს. კერძოდ, გამოკითხვის მიხედვით, წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა სარგებელს მიიღებს, თუ ბლოკი გაფართოვდება. მიზეზად ისინი გლობალური გავლენის მოპოვებას, ბაზრის გაფართოებასა და მეტ სამუშაო გამოცდილებას ასახელებენ, ისევე როგორც მეტ სოლიდარობასა და უსაფრთხოებას. ამას კი ახალგაზრდების უმრავლესობა უჭერს მხარს. 15-დან 39 წლამდე გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პოტენციური კანდიდატები წევრებად უნდა იქცნენ. გამოკითხულები ამ პროცესში ხედავენ პრობლემებსაც, რომლებიც მეტწილად მიგრაციას, კორუფციისა და დანაშაულის ზრდასა და ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ „ევრობარომეტრის” მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეებს სურთ დარწმუნდნენ, რომ კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა, ფუნდამენტური უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები მხარდაჭერილია ახალ წევრებშიც.
„„ევრობარომეტრით” იკვეთება მკაფიო გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს სურს სანდო, ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც რეფორმებითაა მართული. წევრ ქვეყნებთან ერთად ჩვენ ჩავერთვებით მოქალაქეებთან ურთიერთქმედებაში, ვუპასუხებთ მათ წუხილს და ვანახებთ, თუ როგორ მოაქვს გაფართოებას მშვიდობა, კეთილდღეობა და უფრო ერთიანი ევროპა”, – აღნიშნა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.
კვლევა თებერვლიდან მარტის შუალედში ჩატარდა და მასში 26 300 ადამიანი მონაწილეობდა ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან. საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა 67% გაფართოების პროცესთან დაკავშირებით საკუთარ თავს კარგად ინფორმირებულად არ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ გადაწყვიტა ამ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობადობა გააძლიეროს.
კვლევაში მონაწილეობდნენ მოქალაქეები 15 წელს ზემოთ, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1009 პირი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუების მეთოდოლოგიით და ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.