სამნიშნა ინფლაცია, დაბალი ხელფასები, უცხოური დახმარების და სურსათის სუბსიდიების მკვეთრი შემცირება – ეს ყველაფერი მილიონობით ვენესუელელს ხარისხიან საკვებზე წვდომას მნიშვნელოვნად უზღუდავს.
ქვეყნაში გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის შედეგებს მოქალაქეები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ.
მღვდელი გილბერტო გარსია ადგილობრივი ეკლესიის ერთ-ერთ საქველმოქმედო სასადილოს ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად შემოწირულობებზე და თავად გარსიას შემოსავალზეა დამოკიდებული.
„ხალხს ყოველდღიურად ურთულდება გარკვეული ხარისხის საკვებზე წვდომა. ისინი ძირითადად ნახშირწყლებს იღებენ. არომატისთვის ცოტაოდენ ბრინჯს ამატაბენ და ასე ირჩენენ თავს“, – ამბობს მღვდელი გილბერტო გარსია.
ალნილის ჩირინო ყოველ შაბათს შვილებთან ერთად მსგავს სასადილოში დადის. მას სულ უფრო ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც უწევს დახმარების ძიება შვილების გამოსაკვებად.
„ნამდვილად არ არის საკმარისი. მაღაზიაში მივდივარ, სულ ერთ-ორ პროდუქტს ვყიდულობ და ვხედავ, რომ უკვე ყველაფერი დავხარჯე. ფული სწრაფად ქრება. ბავშვები მეკითხებიან, ხვალ რა უნდა ვჭამოთ? ხვალ როგორ იყიდი საკვებს?“, – ჰყვება ფალკონის მცხოვრები ალნილის ჩირინო.
იგი მთავრობის მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემული ბონუსის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ის მცირედი კი რის შოვნასაც ახერხებს სწრაფად იხარჯება.
გლობალური დაფინანსების დეფიციტის გამო – შეიზღუდა ოდესღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსოფლიო სასურსათო პროგარამის სასკოლო კვების პროექტიც.
მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პროგრამები კი არასტაბილური და არასანდოა – ოჯახები ამბობენ, რომ მათთვის განსაზღვრული კვების რაციონი რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.
„ჩემი შვილი მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციისგან დახმარებას იღებდა, მას ჰიდროცეფალია აქვს. ამიტომ ფულს მედიკამენტებზეც ვხარჯავთ. ზოგჯერ, გვიწევს არჩევანის გაკეთება – ან საკვები ან მედიკამენტები. მხოლოდ ერთის ყიდვას ვახერხებ“, – ამბობს ფალკონის მცხოვრები, იამელის რუიზი.
ვენესუელას ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც სანქციების, სუბსიდიების შემცირებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად გაღრმავდა, კვლავ მძიმე ტვირთად აწვება მისი მოსახლეობის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილს და ბევრი შიშობს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა.