ისრაელმა ქალაქ ღაზის აღების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მომდევნო დღეებში ათიათასობით რეზერვისტს გაიწვევენ, ხოლო მოქმედი სამხედროების ნაწილი სამსახურს გააგრძელებს.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა უკვე დაამტკიცა ოპერაციის ახალი გეგმა, რომელიც ღაზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებს შეეხება. ეს გეგმა გენერალური შტაბის საბოლოო თანხმობას ელოდება. 60 000 რეზერვისტის გაწვევაზეც საბოლოო თანხმობა შტაბმა უნდა დაამტკიცოს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ჯარები უკვე აკონტროლებენ ღაზის ქალაქის შემოგარენს. მისი თქმით, ისრაელი გააღრმავებს ზიანს ჰამასზე, რომელიც ქალაქს როგორც სამთავრობო, ასევე სამხედრო ტერორის ერთ-ერთ მთავარ ბასტიონად იყენებს.
სამხედრო ოფიციალური წყაროს ცნობით, ისრაელის ჯარები ოპერაციას ღაზის იმ უბნებშიც დაიწყებენ, სადაც აქამდე არ შესულან და სადაც, მათი ინფორმაციით, ჰამასი კვლავ აქტიურად მოქმედებს.
ოპერაციის სამიზნე იქნება ,,ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, რომელიც ქალაქშია განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ჰამასის ლიდერთა ნაწილი გაანადგურა, ორგანიზაციის დანარჩენი წევრები კვლავ ახერხებენ თავდასხმების მიტანას, მათ შორის რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით.
მიუხედავად ამისა, ოპერაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის ისრაელშივ.
რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის პარალელურად, ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოდის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, ხოლო საერთაშორისო დონეზე შიშობენ, რომ შესძლოა, ღაზაში სამხედრო შეტევის გაძლიერებამ, ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს. ეს კი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ 62 000-ს გადააჭარბ, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ბოლო თვეებში განსაკუთრებით იზრდება შიმშილთან დაკავშირებული სიკვდილიანობა — ივნისის ბოლოდან 154 ზრდასრული და 112 ბავშვი სწორედ კუჭ-ნაწლავის უკმარისობისა და არასაკმარისი კვების გამო დაიღუპა.
ისრაელსა და ..ჰამასს“ შორის ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს, როცა ჰამასის მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანეს — დაიღუპა 1 200 ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები, და 251 ადამიანი კი გაიტაცეს. მათგან უმეტესობა შემდგომში გათავისუფლდა დროებითი ზავის ფარგლებში. ,,“ჰამასი აცხადებს, რომ დარჩენილ ტყვეებს მხოლოდ მაშინ გაათავისუფლებს, თუ მოხდება ხანგრძლივი ზავის გაფორმება და ღაზიდან ისრაელის სამხედროების სრულად გაყვანა.