კატეგორიები

დაბინძურების კვალი

დაბინძურების კვალი

მოსახლეობა ამბობს, რომ ლილოს ნაგავსაყრელის ნაჟური წყლები, წვიმის დროს, სამგორის არხში ჩაედინება. ეს არხი თბილისის ზღვას უკავშირდება, რომელიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებს.

სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძეც 42 კილომეტრია, აღმოსავლეთ საქართველოში ივრის ზეგანზე იღებს სათავეს და დედაქალაქის გავლით, თბილისის ზღვაში ჩაედინება. ეს არხი თბილისისა და გარდაბნის მიწების სარწყავად გამოიყენება.

„როდესაც ინტენსიური წვიმები დაიწყება, ტერიტორიიდან გამოსული ნაჟური წყლები მოედინება არხის ზედა მხარეს, ღია სანიაღვრეში, თუ ამას სანიაღვრე ჰქვია, და ჩაედინება სამგორის არხში.. რომელიც შემდეგ ჩაედინება თბილისის ზღვაში.. ოფიციალურად მილი არ აქვთ მიერთებული, მაგრამ სანიაღვრიდან ჩადის, რომ ვეღარ იტევს ის სანიაღვრე, ჩვეულებრივად ჩადის ეს წყალი არხში”, – ამბობს ნასაგურის მცხოვრები თორნიკე ტორაძე.

„ამას ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობა თავისი დაკვირვებით, როგორ ჩაედინება ეს ნაჟური წყლები სამგორის მაგისტრალურ არხში და არხის საშუალებით კი თბილისის ზღვაში, თბილისის ზღვიდან კი ვიცით რომ ჩვენ ვსარგებლობთ სასმელი წყლით”, – ამბობს მწვანე ალტარნატივის წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე.

ევრონიუს ჯორჯიამ ის ადგილიც გადაიღო, სადაც სამგორის არხი თბილისის ზღვას უერთდება..

სამგორის მაგისტრალური არხი თბილისის ზღვას ღია კოლექტორით უკავშირდება, რომელშიც ქარის დროს მყარი ნარჩენებიც ხვდება. თუმცა, ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მტკიცებით, სამგორის არხში, ძლიერი წვიმის დროს,  პოლიგონიდან მომავალი დაბინძურებული წყალი თავისუფლად ჩადის.

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ლილოში ჩვენი ყოფნის პერიოდში არ წვიმდა, დრონით გადაღებულ კადრებში მაინც კარგად ჩანს წყლის ნაკადის კვალი, რომელიც დიდი ლილოს ნაგავსაყრელიდან სამგორის არხის მიმართულებით მიდის.  ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრებლებმა კარგად იციან ადგილებიც, სადაც წვიმის დროს, დაბინძურება ყველაზე აშკარაა. ერთი ასეთ ადგილი ხევშია, რომელიც თავის მხრივ, მდინარე ლოჭინს უკავშირდება.

„პირდაპირ ნაგავსაყრელის წინაც როგორც აქ, ისე იქაც ჩაედინება.. ფიზიკურად ვერ წავა ეს წყალი სხვაგან”, – ამბობს თორნიკე ტორაძე.

ის სოფელ ნასაგურში, დიდი ლილოს ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობს, ორი წლის წინ კი ნაგავსაყრელის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანდა.. თორნიკე ამბობს, რომ ნარჩენების პოლიგონის გახსნის შეემდეგ, აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ის იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც, წვიმის დროს, პოლოგონიდან მდინარე ლოჭინისკენ დაბინძურებული წყლის ნაკადი მიედინება.

„ეს არის  ნაგავსაყრელიდან მომავალი მილი, რომელიც წვიმების პერიოდშ სავსე მოდის ნაჟური წყლებით.. 150-200 მეტრში უერთდება ლოჭინის ხევს, მდინარეს და იქიდან უკვე ჩაედინება მტკვარში.. რაც არის ეკოლოგიური კატასტროფა. საშინელება ხდება.. პირდაპირ გამოდის არანაირ ფილტრაციას არ გადის ეს წყალი და ჩაედინება მდინარეში”, – ამბობს თრნიკე ტორაძე.

სამგორის არხის მსგავსად, მდინარე ლოჭინის ხევშიც აშკარად ჩანს კალაპოტი, რომელშიც წვიმის დროს პოლიგონიდან წამოსული წყალი მიედინება.. ლოჭინის დაბინძურების მიზეზის გარკვევა ადგილობრივებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მდინარემ ფერი იცვალა..

„შავი წყალი მოდიოდა, და რომ მოვყევით ზევით, სხვა არაფერი საწარმო აქ არ ფუნქციონირებს.. ხეობას რომ ამოვუყევით, თბილსერვისის ობიექტს მივადექით.. აღიარება არ უნდოდათ, მაგრამ ფაქტები რომ დავუდეთ, მერე თვქეს რომ რა ვუყოთ აბა სად წავიღოთო? არაა შედაბამისი არც დანადგარი არც ფილტრაცია არ ხდება ამისი.. სადღაც 4 ავზი აქვს გაკეთებული თბილსერვისს, ერთ დღიან წვიმას უძლებს, სამი დღეა მაქსმუმი, რომ გადმოვიდეს ეს წყალი.. ხან ავზებშიც აღარ უშვებენ, უბრალოდ ღვრიან და მერე ტერიტორიიდან გამოდის გარეთ. ზემო სამგორის სანიაღვრეს მოყვება და სანიაღვრე პირდაპირ აქვთ დაერთებული უკვე ხევზე. ასე თვალხილულად რომ არ იყოს და არ ჩანდეს, ჩამოყვანილი ყავთ მილებით და მდინარე ლოჭინს უერთდება. ეს მილი ნახევარზე ზემოთ სავსე მოდის ხოლმე.. თბილსერვისთან არაერთი შეხვედრის და დავის შემდეგ მაინც ვერაფრით ვერ მივედით იქამდე რომ ეს აღარ ხდებოდეს. შავი აქაფებული მდინარე მოდის ხოლმე წვიმის დროს. ვერც გაჩერდებით მდნარესთან, ისეთ სუნი მოდის.. პირუტყვი დაეხოცა აქ ხალხს.. ამხელა სოფლებია გარშემო და ნაგავსაყრელის გამო ხომ ვერ გაწყვიტანს ხალხი პირუტყვს, აგერ თქვენს ცედავთ მარტო საქონელი კი არა, ხორბალი ითესება და რეალიზაციაში გადის ჩვეულებრივად.. რა ქნას იმ გლეხმაც, მაშნ უნდა შეეცვალათ ეს მიწა ალტერნატიული შეეთავაზებინათ მაგრამ რომ არ არის ალტერნატივ ამოყავთ ხორბალი და აძოვებენ პირუტყვს.

ფურცლებს ვერ გავცდით ორი წელია, როცა დაპირებიდან ერთი წლის მერე უკვე სუნი აღარ უნდა ყოფილიყო ჩვენს დასახლებებში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ აგურიც არ დადებულა.. ველოდებით ოქტომბრამდე უნდა დაიწყონ ასე შეგვპირდნენ”, – ამბობს ნასაგურის მცხოვრები.

თბილისში შეგროვებული ნარჩენების განთავსება, საბჭოთა პერიოდში და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომაც, დედაქალაქთან ახლოს – გლდანის, ლილოს და იაღლუჯის ნაგავსაყრელებზე ხდებოდა.

საბჭოთა ნაგავსაყრელები გარემოს უკონტროლო დაბინძურებისა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე გავლენის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, 2000-იანი წლების დასაწყისში, გადავსებული ნაგავსაყრელების დახურვის და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის საჭიროება დადგა.

ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წელს გაიხსნა და უკვე 15 წელია ფუნქციონირებს. თუმცა გასნის დღიდან მის დახურვას ითხოვს, გაუსაძლისი სუნითა და დაბინძურებით შეწუხებული მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

სამგორის არხისა და მდინარე ლოჭინის ნაჟური წყლებით დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩვენ თბილსერვის ჯგუფს მივმართეთ, საიდანაც წერილობითი პასუხი მივიღეთ.

„დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლებისა და ნალექის შესაგროვებლად მოწყობილია სპეციალური არხები და გუბურები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც რამდენიმედღიანი უხვი ნალექის დროს ციცაბო რელიეფიდან, გორაკებიდან წამოსული ნალექი პოლიგონზეც ჩაედინება. სწორედ ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად არის დაგეგმილი ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომლის პროექტირებაც დაწყებულია”.

ცოტა ხნით ადრე თბილსერვისმა ასევე მოგვწერა, რომ ეს პროექტები უახლოეს ორ-სამ წელიწადში განხორციელდება.

ნაჟური წყლის პრობლემა პოლიგონზე ასახულია გარემოსდაცვითი მონიტორინგის გასული წლის ანგარიშშიც.

რეზერვუარებში წყლის შემცირება ხდება ნაჟური წყლის პირდაპირი მოშორებით მცირე ჩასაკიდი ტუმბოების და სახანძრო მილების გამოყენებით მინდორში დაღვრით, რაც აისახა სამონიტორინგო ჭებში გრუნტის წყლის სინჯების გაუარესებით. ეს ქმედება ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან აღნიშნული კონცენტრირებული დაბინძურებული წყლის მოხვედრა გრუნტის წყალში სავალალო შედეგის მომტანი იქნება გარემოსა ახლო მდებარე მაცხოვრებლებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორაიზე მიწათმოქმედებას მისდევს ადგილობრივი მოსახლეობა და მოჰყავთ როგორც მარცვლოვანი კულტურა, ასევე ბოსტნეული, ხეხილი და ა.შ. მოსარწყავად უმეტესობა მათგანი სწორედ დაბურღვის შედეგად მოპოვებულ წყალს მოიხმარს. ხოლო მოყვანილი მოსავალის პირად მოხმარებას ან რეალიზაციას ახდენენ. დიდია რისკი იმისა, რომ აღნიშნულ მოსავალში პირდაპირპროპორციულად აისახოს ნაგავსაყრელის ბინძური, კონცენტრირებული წყლის ზეგავლენა, რაც სავლალო შედეგების მომტანი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.”

ნაგავსაყრელის წინაააღმდეგ საინიციტივო ჯგუფის ინფორმაციით მათ განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტსაც მიმართეს, როგორი იყო სამინისტროს რეაგირება ამის გასარკვევად ამ უწყებას ევრონიუს ჯორჯიაც დაუკავშირდა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან მოგვწერეს, დეპარტამენტმა ლილოს პოლიგონზე ინსპექტირება განახორციელა, თუმცა ამ ინსპექტირების შედეგების შესახებ ინფორმაცია აღარ მოგვაწოდეს.

„თავად თბილსერვისი აღიარებს, რომ აქვს სერიოზული პრობლემები ნაჟური წყლების შეგროვებასტან დაკავშირებით. რომ ის რეზერვუარი, რომელიც არსებობს, ვერ უმკლავდება იმ წყლებს, რომლებიც გროვდება ნაგავსაყრელზე, და ასევე, არ მუშაობს გამწმენდი დანადგარი. აქ უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს, სხვა გამოსავალი არ არის. როგორც მათვე დოკუმენტებში ჩანს, პრბლემა არის უკვე არსებულ უჯრედებზე, პრობლემაა გამოყენებული გეომემბრანის მედეგობა არ არის მთლიანი რაც იმას ნიშნავს რომ ეს წყლები შეიძლება პირდაპირ იჟონებოდეს ნიადაგში და გრუნტის გავლით მიწისქვეშა წყლებში და შემდეგ მდინარეებში – ეს კი პირდაპირ უკავშირდება გარშემო ტერიტორიაზე ნიადაგის დაბინძურებას.

ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა არის უშუალო ზეგავლენის ქვეშ, მათ ჯანმრთელობა ყველაზე მძიმე ზეგავლენას განიცდის, მაგრამ არაპირდაპირ და შეიძლება პირდაპირაც იმიტომ რომ ჩენ არ ვიცით საიდან მოდის ის საკვები რომელსაც ვიღებთ, შეიძლება ჩვენც ვიყოთ ამზეგავლენის ქვეშ. მსოფლიოში არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რა გავლენა აქვს ნაგავსაყრელს მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე და ეს ზეგავლენა დაკავშირებულია დაშორების მანძილთან , რაც უფრო ახლოსაა მოსახლეობა, უფრო მაღალია ზეგავლენის მასშტაბი”, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

გამონაჟონი წყალი შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნაერთებს, ამიაკსა და ორგანულ აზოტს, ასევე მძიმე ლითონებს – ტყვიას, კადმიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძსა და ნიკელს და სხვა, რაც მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებში მოხვედრის შემთხვევაში, ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს მის ხარისხზე. ზოგიერთი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ნაგავსაყრელებთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებში კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები