მთავარიგადაცემებიEurope Decodedრამდენად შეძლებს ევროკავშირი რუსულ სასუქსა და აგრარულ პროდუქტზე მაღალი ტარიფის...

რამდენად შეძლებს ევროკავშირი რუსულ სასუქსა და აგრარულ პროდუქტზე მაღალი ტარიფის დაწესებით კრემლის ხაზინის დაზარალებას?

ევროკავშირმა თავისი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება რომ შეამციროს, რუსეთიდან იმპორტირებულ სასუქებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მაღალი ტარიფები დააწესა. ამ ტარიფების მიზანი რუსეთიდან მიღებული შემოსავლის შემცირებაცაა, თუმცა ფერმერები შიშობენ, რომ გაზრდილი ტარიფები ევროკავშირში სურსათზე ფასების მატებას გამოიწვევს.

ტარიფები დაწესდება რუსეთიდან და მისი მოკავშირე მეზობელი ქვეყნიდან – ბელარუსიდან  – შემოსულ პროდუქციაზე, რომელმაც  რუსეთის მიერ უკრაინის წიააღმდეგ გაჩაღებულ სამხედრო მოქმედებას შეუწყო ხელი. რუსეთი ევროკავშირს აზოტის სასუქების 25%-ს აწოდებს, რომლის ღირებულებაც წელიწადში მილიარდ 300 მილიონ ევროს შეადგენს. პირველი ივლისიდან ეს სასუქები 6.5%-იანი ტარიფით იბეგრება. ამ ტარიფის განაკვეთი თანდათან გაიზრდება და 2028 წლისთვის თითქმის 100%-იან ნამატს მიაღწევს. გარდა ამისა, 50%-იანი ტარიფები დაწესდება ორივე ქვეყნიდან შემომავალ ისეთ აგრარულ პროდუქტებზე, როგორებიცაა ხორცი, რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული.

„ამ იდეას ძალიან სერიოზული მორალური და სტრატეგიული დასაბუთება ახლავს,“ – ამბობს ევრონიუსის კორესპონდენტი ჯერარდო ფორტუნა, რომელიც ამ საკითხს აშუქებს. „რუსეთი საკუთარ სასუქს 23.5%-იანი საექსპორტო გადასახადით ბეგრავს, რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქციის შეძენით ევროკავშირი ირიბად აფინანსებს უკრაინაში მიმდინარე ომს. და, რა თქმა უნდა, ახალი ტარიფების დაწესების მიზანი ის არის, რომ  რუსეთისთვის აღარ იყოს მიმზიდველი მისი ექსპორტი და არც ევროპელ ფერმერს მოუნდეს მისი ყიდვა. ევროპის სასუქის მწარმოებლებს ძალიან აწუხებდათ რუსული იმპორტი, რადგან ის იაფია, განსაკუთრებით აზოტიანი სასუქები და, ომის მიუხედავად, რუსეთიდან მათი იმპორტი გაიზარდა. აქვე გარემოს დაცვის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რადგან ჩვენთან სასუქის წარმოებისას იმის დაახლოებით ნახევარი ნახშირბადი იფრქვევა გარემოში, რაც რუსეთში. ასე რომ, რუსეთიდან სასუქის იმპორტით გამონაბოლქვის ზრდასაც ვუწყობთ ხელს“.

მეორე მხრივ, ფერმერები ღელავენ. ისმის კითხვა: მაინც რატომ არიან ასე შეშფოთებული და ხომ არ შეუძლია ევროკომისიას, რომ მათ როგორმე შეუმსუბუქოს მდგომარეობა?

„აუცილებელია, რომ დაამყარო წონასწორობა გეოსტრატეგიულ ინტერესსა და იმ რეალურ პრობლემას შორის, რომელიც ფერმერებს აწუხებთ,“ – განმარტავს ჯერარდო.

„რასაკვირველია, ტარიფების დაწესებით ბაზარს ამახინჯებ და, საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას შეუწყობ ხელს. არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რათა ფასები არ გაიზარდოს, თუმცა ეს გამოსავალი  მაინცდამაინც არ მოსწონთ დღეს ევროპელ ფერმერებს. დიდი ალბათობით, ფერმერები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან წარმოების ფასის ზრდის გამო, რადგან საბოლოო პროდუქტზე თავად ვერ გაუზრდიან ფასს მომხმარებელს“.

ევროპის დამოკიდებულება იმპორტზე ისევ მაღალია. აზოტის სასუქებზე მოთხოვნის 32%-ს იმპორტი აკმაყოფილებს. ფასების ზრდის რისკი რომ შეასუსტოს, ევროკავშირს შეუძლია, შეუმციროს ტარიფები სასუქების ისეთ მომწოდებლებს, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩრდილოეთი აფრიკა და შუა აზია. და ბოლოს, ტარიფები არ შეეხება  რუსეთიდან და ბელარუსიდან სასუქებისა და აგრარული პროდუქტის ექსპორტს მესამე ქვეყნებში, რათა არ დაირღვეს მიწოდების ჯაჭვი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

სასუქის ევროპელმა  მწარმოებლებმა უკვე უამრავი საწარმო დახურეს. მათ წარმოება რუსეთიდან შემოსული იაფი იმპორტის გამო შეაჩერეს და ახლა უხარიათ, რომ ისევ შეძლებენ ბაზარზე წილის დაბრუნებას. თუმცა საინტერესოა, მაინც რამდენად მოასწრებენ ევროპელი სასუქის მწარმოებლები საკუთარი წარმოების მოცულობის გაზრდას, რათა დააკმაყოფილონ მოთხოვნა და თავიდან აიცილონ ფასის ზრდა ამ პროდუქტებზე?

მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფის  „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროპარლამენტარი ინესე ვაიდერე, რომელიც მომხსენებელია ახალი რეგულაციის საკითხზე, ფიქრობს, რომ ევროპელი სასუქის მწარმოებლებს დამატებით სულ მცირე სამი მილიონი ტონის წარმოება შეუძლიათ,  გარდა იმ რვა მილიონი ტონისა, რომელიც სხვა ქვეყნებში გადიოდა ექსპორტზე.

„თუ საჭირო იქნება, შეგვიძლია, სხვა ტიპის შეღავათიანი ზომები გავატაროთ, მაგალითად, მოვუხსნათ საექსპორტო და საიმპორტო გადასახადი სხვა ქვეყნებს“, -განმარტავს ვაიდერე.

ფერმერები შიშობენ, რომ მათ პროდუქციაზე ფასის გაზრდა მოუწევთ, თუმცა ვაიდერე განმარტავს, რომ  ევროკომისია ვალდებულია, ყოველთვე გადახედოს ფასებს: „მე, ჩვენ, ყველა ვიხდით აგრარული პროდუქტის ფასს და თუ ფასი გაიზრდება, მეტის გადახდა მოგვიწევს. ამიტომ ევროკომისია ვალდებულია, ყოველთვიური მონიტორინგი აწარმოოს და რაღაც მოიმოქმედოს, თუ ფასები მკვეთრად მოიმატებს. შეიძლება სუბსიდიებსაც მიმართოს. ომის დაწყების დღიდან, თუ არ ვცდები, 500 მილიარდი ევრო დაიხარჯა ფერმერების დახმარებაზე. ევროკომისიამ იცის, როგორ მოიქცეს“.

ბუნებრივი აირი სასუქის წარმოებისთვის აუცილებელი ინგრედიენტია. ასე რომ, ევროკავშირი ირიბად ამ რუსულ აქტივსაც იღებს მიზანში. თუმცა რუსეთი მსოფლიოში სასუქების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გასაღების ძირითადი ბაზრებია  ბრაზილია, ინდოეთი, ამერიკაი, ჩინეთი და ინდონეზია. მიუხედვაად ამისა, ევროკავშირისთვის მისი შეზღუდვა მხოლოდ ეკონომიკური აუცილებლობა კი არ არის, არამედ  ეთიკური ვალდებულებაც   უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend