ალასკაში დაგეგმილ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს უკრაინის სხვადასხვა ქალაქს მოლაპარაკებების დღესაც კი და როგორც ზელენსკი ამბობს, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა მხარეს ომის სამართლიანი დასასრული სჭირდება და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტს მყარი პოზიცია ექნება პუტინთან საუბრისას.
„ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ჩვენი დაზვერვისგან, დიპლომატებისგან ალასკაში შეხვედრის მომზადების შესახებ, იმის შესახებ, თუ რას აპირებს პუტინი. ასევე ვიღებთ შეტყობინებებს უკრაინის რეგიონებიდან რუსეთის შეტევის შემდეგ: სუმი – რუსეთის დარტყმა ცენტრალურ ბაზარზე, დნეპრის ოლქი – დაიბომბა ქალაქები და საწარმოები. ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქის, დონეცკის ოლქის მიმართულებით ხორციელდება რუსეთის მიზანმიმართული შეტევა.
ომი გრძელდება. ისინი კლავენ მოლაპარაკებების დღესაც კი და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ერთი დღით ადრე ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს იმაზე, რამ შეიძლება რეალურად იმუშაოს. ყველას სჭირდება ომის სამართლიანი დასასრული. უკრაინა მზადაა, იმუშაოს რაც შეიძლება ეფექტურად ომის დასასრულებლად. ჩვენ ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი გვაქვს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.