მთავარისაქართველოზვიად რატიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ზვიად რატიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ზვიად რატიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პოეტის ადვოკატების შუამდგომლობა მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა.

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ზვიად რატიანის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. ადვოკატები კი განმარტავდნენ, რომ არ არსებობს ზვიად რატიანის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თუ მოწმეებზე ზემოქმედების რისკები. ისინი ითხოვდნენ, პოეტისთვის შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ზვიად რატიანის პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სადამსჯელო მიზნებისთვის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია.

პოეტისთვის შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვამდე სასამართლომ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელა. მოსამართლემ დასაშვებად ცნო როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავება, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, მან სამართალდამცავს სახის არეში მარჯვენა ხელი დაარტყა. ზვიად რატიანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. საქმეზე შემდეგი სხდომა ლელა კალიჩენკომ 27 აგვისტოს ჩანიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend