უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუშინდელ ვიდეომიმართვაში დაიცვა უკრაინის უფლება – მონაწილეობა მიიღოს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რუსეთის ომი მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და კიევს სრული უფლება აქვს პროცესის მონაწილე იყოს.
„ცხადია, ყველამ დანამდვილებით იცის, რომ რუსეთში მთავარ გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს და რომ მას ეშინია აშშ-ის სანქციების. ასევე, გამართლებული იქნება, თუ უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. რუსეთის ომი უკრაინისა და ჩვენი, როგორც ევროპული ერის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
6 აგვისტოს, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან მალე“ შესაძლოა პუტინსა და ზელენსკისთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრა შედგეს.
თუმცა გუშინ კრემლმა შეხვედრაში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მედიას განუცხადა, რომ მოსკოვი ახლა უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს არა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, არამედ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მომზადებას.
„შეხვედრის ფორმატი, ვგულისხმობ ლიდერების შეხვედრას, სამმხრივი ფორმატია. გუშინ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ, განვიხილეთ რამდენიმე შესაძლებლობა ორმხრივი და სამმხრივი ფორმატისა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც მზად არის, ერთად ვიპოვოთ პრობლემის რეალური გადაწყვეტის გზა. ჩვენ, უკრაინაში, დარწმუნებული ვართ, რომ შესაძლებელია ამ ომის ხანგრძლივი მშვიდობით დასრულება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზუსტი თარიღი და შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
