კატეგორიები

ისტორიული შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

ისტორიული შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

8 აგვისტოს თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შუამავლობით შეხვდნენ.

35-წლიანი კონფლიქტის დასრულების არაერთი წარუმატებელი მცდელობა თეთრ სახლში ორი ქვეყნის ლიდერების მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელის მოწერით დასრულდა, რაც მათი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.

სამუშაო ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ფორმალური თანხმობა უკვე არსებობს და დონალდ ტრამპი ამ მიღწევით განსაკუთრებით კმაყოფილია.

„35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ კონფლიქტში, რომელმაც ორივე ერისთვის დიდი უბედურება მოიტანა. ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდნენ. ბევრმა სცადა გამოსავლის პოვნა, მათ შორის ევროკავშირმაც. რუსებმა ამაზე ძალიან ბევრი იშრომეს, მაგრამ გამოსავალი ვერასდროს იპოვეს. მძინარა ჯომ სცადა, მაგრამ იცით, რაც მოხდა. ის დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში ცდილობდა და არ გამოუვიდა. ბევრმა სხვა ქვეყანამაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ამ შეთანხმებით საბოლოოდ დავამყარეთ მშვიდობა, ახლახან დავტოვეთ ოვალური კაბინეტი, სადაც ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს და მივაღწიეთ შეთანხმებას“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის ცნობით, შეთანხმება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. ეს დერეფანი აზერბაიჯანს ნახიჩევანის ტერიტორიასთან წვდომას სომხეთის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით მისცემს.

შეთანხმების თანახმად, 99 წლის განმავლობაში, ამ დერეფნის განვითარებაზე ექსკლუზიური უფლება სწორედ აშშ-ს ექნება. ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ამ ისტორიული შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე მისი კანდიდატურის წარდგენის სურვილის შესახებ განაცხადეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი Copyright AP PHoto

„სინამდვილეში ჩვენ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ახალ ისტორიას ვწერთ. სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმავალ გზას დავადექით. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია რამდენიმე თვეში შემუშავდება და ეს აზერბაიჯანისთვის ისტორიული მიღწევაა. მაშ, ვინ იმსახურებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას, თუ არა პრეზიდენტი ტრამპი? არ მინდა, ნობელის მშვიდობის კომიტეტის უცნაური გადაწყვეტილებები გავიხსენო, როდესაც პრემიას ანიჭებდნენ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. პრეზიდენტმა ტრამპმა ექვს თვეში სასწაული მოახდინა. მან კავკასიაში მშვიდობა დაამყარა და ამისთვის მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი გამოიჩენენ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას, რომ შერიგდნენ. ხალხიც შერიგდება. ჩვენ ამოვშლით დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გვერდს და ჩვენი შვილებისთვის ნათელ და უსაფრთხო მომავალს უზრუნველვყოფთ“, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

„მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში გვქონია. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ, რომ აშშ-სთან ერთად, სომხეთი იმუშავებს, რომ ტრამპის გეგმა მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ  რეალობად აქციოს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ გარდამტეხი შეთანხმებისთვის. ესაა დიდი შეთანხმება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ. ეს ჩვენი ქვეყნების, რეგიონისა და მსოფლიოს წარმატებაა, რადგან მშვიდობიანი რეგიონი უფრო უსაფრთხო სამყაროს ნიშნავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა მშვიდობა ძალის მეშვეობით. ბატონო პრეზიდენტო, დღევანდელი დიდი მიღწევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თქვენ ხართ უძლიერესი ლიდერი და  მშვიდობისმყოფელი“, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Copyright AP Photo

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე შეზღუდვები მოხსნა აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ნიშნავს, რომ ბაქო ამერიკული იარაღის შესყიდვას მოახერხებს.

Related news
მარკო რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება
სხვა ამბები