მთავარისაქართველოთბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ კახა კალაძე წარადგინა

თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ კახა კალაძე წარადგინა

„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, – ამ სიტყვებით წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი.

პარტიისთვის კახა კალაძე აღმოჩნდა ამ თანამდებობაზე, როგორც თავად ამბობენ, „უალტერნატივო“. ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერის რვაწლიანი საქმიანობაც მიმოიხილა. პოსტზე მესამედ წარდგენილი კალაძის მთავარი დაპირება და სლოგანი ამჯერად გახდა არა „მეტი სიცოცხლე“, არამედ „მშვიდობა საქართველოსა და მეტი სიკეთე თბილისს“.

„სიტყვა სიკეთეს ორი მნიშვნელობა აქვს – მატერიალური და არამატერიალური. ჩვენ ქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები.

ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო ოთხ წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისსა და თბილისელებს. სიკეთეს მატერიალურთან ერთად აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად სიკეთე ვაქციოთ…“ – განაცხადა კახა კალაძემ.

წარდგენის ღონისძიებაზე თბილისის მოქმედ მერს განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე არაფერი უთქვამს. კახა კალაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ, არჩევის შემთხვევაში „თბილისს პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების ქალაქად“ აქცევს.

პარტიის 26-წუთიან ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მადლობა არაერთხელ გადაუხადეს. თავად, არაერთი მადლობის ადრესატს, დამსწრეებისათვის არ მიუმართავს.

კახა კალაძის საქმიანობა არა ტრიბუნიდან, თუმცა მედიასთან შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, შესამჩნევია განსხვავება ამჟამინდელ და რვა წლის წინანდელ თბილისს შორის, როცა დედაქალაქს ამავე პარტიის კანდიდატი დავით ნარმანია მართავდა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მერებისა და მაჟორიტარების შერჩევის კრიტერიუმებზეც.

„პატიოსნება, პროფესიონალიზმი, კარგი მენეჯერები. ვფიქრობ, ნელ-ნელა უნდა ვიზრუნოთ ისეთ რაღაცებზე, რაზე ფიქრის საშუალებაც, სხვა დროს ცოტა ნაკლებად გვქონდა…

თბილისი ალბათ გახსოვთ რვა წლის წინ და დღეს… ყოველდღიურად როცა ვუყურებთ, როგორ შენდება ქალაქი, როგორ ირგვება ხე-მცენარეები, ეს შეიძლება, შესამჩნევი არ იყოს. ერთი წამით რომ გადავახვიოთ, რა იყო რვა წლის წინ, როცა კახა აირჩიეს თბილისელებმა და [რა არის] დღეს, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა…“ – თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კახა კალაძის მხარდასაჭერად მივიდნენ „ხალხის ძალის“ დეპუტატებიც – პარტიის, რომელიც თავს „ქართული ოცნების“ ოპოზიციას უწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend