მთავარისაქართველოანაკლიის პორტის საქმეზე ინვესტორის სარჩელი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა

ანაკლიის პორტის საქმეზე ინვესტორის სარჩელი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაუსრულებელ პროექტზე დავა – პოლიტიკური და სამართლებრივი კვლავ გრძელდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების განცხადებით, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟის სახელითაა ცნობილი, ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საჭირო სახსრები საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ პროექტის ყველა კომერციული რისკი ეკისრებოდა ინვესტორს, მთავრობის მხრიდან კი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას მოსარჩელე მხარე – ანაკლიის პორტის კონსორციუმი გამოეხმაურა. ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ეს დავა საქართველოს სახელმწიფოსთან დაიწყო ინვესტორის მხარემ და საქმესაც ასე ერქვა – „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“.

„ბობ მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2025 წლის 30 ივლისს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ინვესტორი კვლავ თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება ანაკლიის განვითარების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე განცხადებას ავრცელებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო”. ოპოზიციური პარტია ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ამ დავასთან პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სარჩელი შეიტანა ინვესტორმა და არა მამუკა ხაზარაძემ. პარტია ხელისუფლებასა და იუსტიციის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს.

„ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას“, – წერია განცხადებაში.

ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან იუსტიციის სამინისტროს ქარდი გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს იყო თაღლითების დავა, რომელიც წაგებულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ.

„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომლებიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმე. ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსა და „ანაკლიის კონსორციუმს“ შორის ხელშეკრულება გაუქმდა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი სახელმწიფომ გადაიბარა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის 51%-ის მუდმივი მფლობელი სახელმწიფო იქნება, 49%-ის კი ინვესტორები. პორტის შენების ვადები ცვალებადია. მთავრობა აცხადებს, რომ ტენდერის გზით ბელგიური კომპანია შეარჩიეს, რომელმაც საზღვაო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს. სხვა დეტალები და თარიღები კი უცნობია. ანაკლიის პორტი საქართველოში ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტი იქნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ-თავდაცვით მდგრადობას კიდევ უფრო გაამყარებს. ვის გადაეცემა სამართავად 49% და როდის დასრულდება პროექტი, ჯერ ისევ უცნობია.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend