ჯერ ვაქცინის ირგვლივ გაერთიანადა ევროკავშირი, მერე – ბუნებრივი არის. ახლა კი ბრიუსელი თავდაცვის აღჭურვილობის ერთიანად შესყიდვას აპირებს ევრობლოკისთვის. თავდაცვის ირგვლივ შექმნილი საგანგებო მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ამერიკის მიერ ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციების სავარაუდო კლების პერსპექტივამ განაპირობა. გაუძლებს თუ არა ევროპის უსაფრთხოებისთვის შექმნილი ახალი ფინანსური ინსტრუმენტი SAFE-ი (Security Action for Europe) გამოცდას?
SAFE-ის ბიუჯეტი 150 მილიარდი ევრო იქნება, რომელსაც ევროკავშირი ფინანსურ ბაზრებზე ისესხებს. ეს ინსტრუმენტი ერთ-ერთი მდგენელია სამოქმედო გეგმისა, სახელწოდებით „მზადყოფნა 2030“ (Readiness 2030), რომელიც 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად, რათა ეს თანხა თავდაცვაში დააბანდოს ათწლეულის ბოლომდე.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან თითოეული შეძლებს სესხის აღებას ამ ფონდიდან და თანამშრომლობის დამყარებას სხვა წევრ ქვეყნებთან.
„რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა და ევროკავშირის დაპირებამ, მხარი დაუჭიროს კიევს, გამოააშკარავა, თუ რამდენად დამოკიდებულია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა სხვებზე და რა ნაკლი აქვს მას, თუ როგორ ცუდად მომზადებული აღმოვჩნდებოდით, ჩვეულებრივ ომში რომ ჩავრთულიყავით,“ – ამბობს „ევრონიუსის“ თავდაცვის საკითხების რეპორტიორი ელის ტაიდი, რომელიც აშუქებდა ამ რეგულაციას. „SAFE-ის ინსტურმენტი ევროპული იარაღის წარმოების დაჩქარებას ემსახურება იმით, რადგან მისი საშუალებით წევრი ქვეყნები შეიარაღებას სტრატეგიულად და ერთად შეიძენენ, რათა სამხედრო ინდუსტრია ნაკლებად იყოს დაქუცმაცებულუ და უფრო სწრაფად აწარმოოს იარაღი, ხოლო ჩვენი არმია უფრო გაძლიერდეს და თანამშრომლობაზე იყოს დაფუძნებული. და, რა თქმა უნდა, ფასებსაც შეამცირებს.“
ამ გეგმის მიზანია, რომ გაზარდოს საწარმოო პოტენციალი შემდეგი მიმართულებებით: საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა, არტილერიის სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალა, დრონებისა და ანტიდრონების სისტემების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, მათ შორის კოსმოსისაც, სამხედრო მობილურობა, კიბერსივრცე, ხელოვნური ინტელექტი და რადიოელექტრონული ომი.
„ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, იშოვონ ფული სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად,“ – განმარტავს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანი ,ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. „მხოლოდ ტანკებსა და რაკეტებს არ გულისხმობს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკასაც, რომელიც ჰიბრიდულ და კიბერ-ომში გამოდგება. ასე რომ, ეს მხოლოდ დასაწყისია. და მგონია, რომ ეს ძალიან კარგი ნიშანია. ვნახავთ, რა მოხდება შემდეგ.“
„ევრონიუსმა“ თავადცავში ინვესტიციების ჩადების შესახებ აზრი ჰკითხა ევროპელებს რომსა და ბერლინში.
„ უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თანაც საფრთხე უკვე კარს მოგვადგა,“ – ამბობს ერთი. „მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან მაინც მჯერა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გვაქვს სასწრაფოდ მოსაგვარებელი როგორც იტალიაში, ისე ევროპაში,“ – განაცხადა მეორემ. აზრთა სხვადასხვაობა ბერლინშიც არის. „ყველა ქვეყანას სჭირდება თავდაცვის განვითარება მინიმალურ დონეზე მაინც, მათ შორის შეიარაღებაც, მაგრამ თუ ამ ყველაფრის მიზანი კიდევ ერთი გამალებული შეიარაღებაა, არ ვარ ამის მომხრე,“, – თქვა ერთმა ბერლინელმა. „მე ნამდვილად ვემხრობი ერთიანი ევროპული თავდაცვის მცდელობას. თუმცა სესხის აღების გარეშე,“ – განცახადა მეორემ.
პარტნიორობა სხვა ქვეყნებთან
ფინანსური ინსტრუმენტი SAFE-ი ეფუძნება მთავრობების მიერ მეტი სესხის აღებას, რომელსაც შემდეგი 45 წლის განმავლობაში გაისტუმრებენ. სესხის აღება რომ შეძლონ, მთავრობებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
სამხედრო ტექნიკის თითოეული ერთეულის ღირებულების 65% უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთში, ასევე უკრაინაში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში. დანარჩენი 35% შესაძლებელია შემოიტანონ მსოფლიოს ნებისმიერი მესამე ტიპის ქვეყნიდან. რაც შეეხება საერთო სახელმწიფო შესწყიდვებს, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს – როგორებიც არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები – და მესამე ტიპის ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირთან აქვთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის ორმხრივი შეთანხმება, როგორებიც არიან იაპონია, სამხრეთი კორეა და გაერთიანებული სამეფო.
თუმცა ევროკავშირი მაინც დავრჩება დამოკიდებული იმპორტზე ან სხვა ქვეყნებთან პარტნიორობაზე, იქნება ეს ნორვეგია, იაპონია თუ სამხრეთი კორეა. თანაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს ფარგლებში შენატანის გაზრდას ითხოვს, რაც ძალიან გაუჭირდება ალიანსის ზოგიერთ წევრს. ახლა ევროკავშირი ამ პროგრამას იწყებს – „შეაიარაღე ევროპა 2030.“ საინტერესოა, რამდენად საკმარისი იქნება ეს პროგრამა იმისთვის, რომ შეძლოს ამერიკის დარწმუნება, განაგრძოს ევროპის თავდაცვის მხარდაჭერა?
„სცენაზე მხოლოდ ერთი დიდი მოთამაშე დგას. ეს ჩინეთია,“ – ამბობს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანი. „ჩინეთი გვაკვირდება. იგი შემოგვხედავს და გამოიტანს დასკვნას: მხოლოდ საუბრობენ ისინი თავისუფლებასა და მშვიდობაზე, თუ მართლა მზად არიან დაიცვან საკუთარი თავისუფლება და მშვიდობა? თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მეტის გადახდას და გაკეთებას, მაშინ ჩინეთი მარტივად იტყვის: „ეჰ, კარგი რა, ისინი ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებენ.“ ამიტომ მგონია, რომ ჩვენ მთელ მსოფლიოსთან უნდა ვითანამშრომლოთ და არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებთან. მე მჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გააცნობიერებს, თუ რის გაკეთებას ვიწყებთ ახლა.“
ამ ფინანსური ინსტრუმენტის გარდა, ევროკავშირი სხვა საშუალებებითაც გეგმავს ფულის მოზიდვას. ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ გამოიყენონ რეგიონული განვითარების ფონდებიც ამ მიზნით. ევროპის საინვესტიციო ბანკიც შეეცდება კერძო კაპიტალის მობილიზებას პირველად თავის ისტორიაში სამხედრო სფეროსთვის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რამდენად შეძლებს ევროკავშირი ფინანსური რესურსის მოგროვებას, რათა უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა