მთავარისაქართველომრავალეროვნული წვრთნების სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა

მრავალეროვნული წვრთნების სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა

მრავალეროვნული სწავლების დაწყებიდან მეხუთე დღეს, 30 ივლისს, სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება საქართველოში არსებულ სხვადასხვა საწვრთნელ პოლიგონზე მიმდინარეობს.

ევრონიუს ჯორჯიამ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნით, რომ გაეშუქებინა საველე სავარჯიშოები, თუმცა ამის შესაძლებლობა ტელეკომპანიას არ მიეცა. წვრთნების ამსახველი ვიდეომასალა კი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა. სწორედ ამ კადრებიდან ხდება ცნობილი, თუ რით არის გამორჩეული ის სამხედრო სწავლება, რომელიც ვაზიანში, ნორიოში, სენაკში, მუხროვანსა და კრწანისში იმართება.

„საქართველოში სწავლების ფარგლებში ჩამოყვანილი ჰყავთ შეიარაღების და ტექნიკის რამდენიმე საინტერესო ნიმუში. განსაკუთრებით რაც თვალში საცემია, „ულტრას“ ტიპის ახალი რობოტიზებული პლატფორმები, რომლებიც ამერიკის არმიაში ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია. ესაა მართვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით მართვადი პლატფორმები, აქვს საბრძოლო კონფიგურაციები, ლოგისტიკური და მხარდამჭერი“, – აღნიშნავს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი.

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები სხვადასხვა წელს სხვადასხვა ტექნიკით ტარდებოდა. მანევრების დროს ადრე გამოყენებული იყო  როგორც  ამერიკული ტანკები, ისე მოიერიშე შვეულმფრენები – „აპაჩები“. წვრთნები ამ მხრივ წელსაც გამორჩეულია, რადგან პირველად გამოჩნდა სახმელეთო დრონები. მიუხედავად ამისა, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტები ამბობენ, რომ სწავლებას უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაუქმდა, რადგან  საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ადანაშაულებდა,  თითქოს ის ქვეყნები, რომლებთან ერთადაც ქართული ჯარი ვითარდებოდა, ახლა ოფიციალურ თბილისს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდნენ.

„ამ სწავლების პოლიტიკური კონტექსტი არის მთავარი. ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცების” ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის, ევროკავშირისა და მათ შორის აშშ-ის მისამართით გამუდმებულ თავდასხმას. სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული დასავლეთის წინააღმდეგ, მათ შორის საინფორმაციო, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველო არის დასავლეთის სტრატეგიული ხედვიდან ჩახსნილი, რომ სამხრეთ კავკასია, საქართველო არ შედის დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებში“, – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი.

უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ  სწორედ აშშ-სა და დასავლელ პარტნიორებთან ერთად წლების განმავლობაში ჩატარებულმა წვრთნამ დიდი როლი ითამაშა ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში.

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025-ის” მთავარ მიზნებად დასახელდა მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება. თანამედროვე სამხედრო ოპერაციები სწორედ მრავალეროვნულ დანაყოფებთან ერთად სინქრონულად მოქმედებას საჭიროებს. ამას ემატება ურთიერთგამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება.

„როდესაც შტაბები და სამანევრო ქვედანაყოფები იწვრთნებიან ამერიკელ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ეს არის მოწინავე სამხედრო გამოცდილების გაზიარება, რომელიც ამ ქვეყნებმა დააგროვეს ბოლო ათწლეულის მანძილზე და რომელსაც გვიზიარებენ… გაზიარება დოქტრინულ დონეზე, შტაბებში, აღსრულების პროცესში. თუკი ეს შეწყდება, რეალურად მოვწყდებით იმ თანამედროვე მიღწევებს, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნებს“, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი და „ალტე უნივერსიტეტის” პროფესორი ლევან სიხარულიძე.

„მტკიცე სული 2018-ის“  გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. წვრთნების დაწყების ცერემონიაზე 2019 წელსაც გამოჩნდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. მომდევნო 2020 წელს სხვა ტიპის ქართულ-ამერიკული  სწავლება ჩატარდა.  „მტკიცე სული 2021-ის” გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური კვლავ დაესწრნენ… განსხვავებული ვითარება იყო 2023 წელს – ღონისძიებაზე  თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფებოდა. 2025 წელს კი წვრთნების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე არც თავდაცვის ძალების მეთაური მოსულა  და არც ირაკლი ჩიქოვანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend