მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენის გამოცხადება ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.
დღევანდელ, 28 ივლისის, სხდომაზე სასამართლომ მხარეთა რეპლიკებს მოუსმინა. ხანმოკლე რეპლიკების შემდეგ კი, მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმეზე რიგი სამართლებრივი გარემოებებია შესაფასებელი და სასამართლოს ამისთვის დრო სჭირდება. მისივე განმარტებით, სხდომის ჩატარების თარიღს მხარეებს მოგვიანებით აცნობებენ.
„აქ დგას რამდენიმე სამართლებრივი საკითხი, მათ შორის, აუცილებელი მოგერიება.
ამ გარემოებებს დამატებით სჭირდება კიდევ შეფასება. ამიტომ საბოლოო სიტყვა და განაჩენი მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება.
არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მხარეებმა წამოჭრეს. მათ კიდევ ერთხელ გულდასმით სჭირდება შესწავლა. ამიტომ რამდენიმე დღეს ავიღებ“, – თქვა ჯვებე ნაჭყებიამ.
ანატოლი გიგაური სამართალდამცველებმა 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, იგი პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა. ბრალდებულისა და მისი უფლებადამცველების პოზიციაა, რომ იგი თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.