ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა.
წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გამოაცხადა.
მისი თქმით, ეს რუსეთის წინააღმდეგ ამ დრომდე დაწესებული სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტია. კალასის თანახმად, შეზღუდვები შეეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 105 გემს, რუსულ და ჩინურ ბანკებს, „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებსა და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირებას.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ.
ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ აქამდე მიღებული სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი.
სამიზნეში გვყავს ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 ხომალდი, ვზღუდავთ დაფინანსებაზე რუსული ბანკების წვდომას.
აიკრძალება „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენები.
მცირდება ნავთობის ფასის ზედა ზღვარი.
ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაზე, ჩინურ ბანკებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ვბლოკავთ იმ ტექნოლოგიების ექსპორტს, რომლებიც დრონების წარმოებისთვის გამოიყენება.
სანქციები პირველად დაუწესდა საზღვაო რეესტრს და „როსნეფტის“ უმსხვილეს გადამამუშავებელ ობიექტს ინდოეთში.
ჩვენი სანქციები ასევე ურტყამს მათ, ვინც უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციით არის დაკავებული.
ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის გაზრდას, რათა აგრესიის დასრულება მოსკოვისთვის ერთადერთ გამოსავლად იქცეს“, – აღნიშნა კაია კალასმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
We are standing firm.
The EU just approved one of its strongest sanctions package against Russia to date.
We’re cutting the Kremlin’s war budget further, going after 105 more shadow fleet ships, their enablers, and limiting Russian banks’ access to funding. (1/3)
— Kaja Kallas (@kajakallas) July 18, 2025
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტის შეთანხმება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიისგან გარკვეული გარანტიების მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ვეტოს აღარ დაადებდა.
გარანტიები ეხება ბუნებრივი აირის ფასებსა და მის შესაძლო დეფიციტს, სატრანსპორტო ტარიფებსა და ბუნებრივი აირის დეფიციტის ან ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას.
რობერტ ფიცო განმარტავს, რომ კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვები მოიხსნას. იგი აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ მიცემული პირობების შესრულებას მკაცრად გააკონტროლებს მის მიერ დამტკიცებული სპეციალური ოპერატიული სამსახური. წინააღმდეგ შემთხვევაში, სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას, რომელზეც ევროკომისია უკვე მუშაობს.
როგორც გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, იგი ვეტოს მოხსნაზე თანხმობის მოსაპოვებლად ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ესაუბრებოდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა ისიც, რომ პროცესს კვლავ ძალიან დიდი დრო დასჭირდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყოველდღიური სატელეფონო საუბრები მქონდა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. ჩვენ ბრიუსელში შევხვდით და ინტენსიური დისკუსია გავმართეთ. ჩვენმა გუნდებმა ერთმანეთთან კონსულტაციები გაიარეს. მადლობელი ვარ რობერტ ფიცოსი, რადგან გუშინ დასთანხმდა მე-18 სანქციების პაკეტის დამტკიცებას. თუმცა, ამას ისევ ძალიან დიდი დრო დასჭირდა“, – განმარტა ფრიდრიხ მერცმა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მან განაცხადა, რომ სანქციების უახლესი პაკეტი ბლოკის „თანმიმდევრული ანტირუსული“ პოლიტიკის ნაწილია.
ჟურნალისტებთან სატელეფონო კონფერენციის დროს მან დასძინა, რომ რუსეთი „ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ“ მიიჩნევს.
„ჯერჯერობით, ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრული ანტირუსული პოზიციის მომსწრენი ვართ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მსგავს ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მათ. ამავდროულად, გარკვეული იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ სანქციების მიმართ. მივეჩვიეთ მათ პირობებში ცხოვრებას. მოგვიწევს გავაანალიზოთ ახალი პაკეტიც, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მისი უარყოფითი შედეგები. მეტსაც გეტყვით, თითოეული ახალი პაკეტი ნეგატიურ გავლენას ახდენს მის აღმასრულებელ ქვეყნებზე“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
სატელეფონო კონფერენციის დროს, პესკოვი ასევე მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალი მდივნისთვის გაცემულ დავალებას, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების გააქტიურებას გულისხმობს.
„ეს კარგის ნიშანია. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების პროცესში მეტ ჩართულობას“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.