მთავარიგადაცემებიEurope Decodedშეუძლია თუ არა ევროპას ეკოლოგიური ფერმერობა კონკურენტუნარიანად აქციოს?

შეუძლია თუ არა ევროპას ეკოლოგიური ფერმერობა კონკურენტუნარიანად აქციოს?

გასულ წელს ფერმერებმა გააპროტესტეს ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული წესები და მათმა საპროტესტო დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღო. ევროკომისიამ გაუმარტივა ფერმერებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აისახება „ერთიანი აგრარული პოლიტიკის“ რეფორმა ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტზე.

 

ევროკავშირში ფერმერების მიერ ერთი წლის წინ დაფინანსების საკითხის გამო აგორებულმა საპროტესტო მოძრაობამ  ნაყოფი გამოიღო. ევროკომისიამ გაუმარტივა ფერმერებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, თუმცა ეს ნაბიჯი ევროკავშირის მწვანე შეთანხმების მომხრეებმა გააკრიტიკეს. მიუხედავად ამისა, ფერმერები ახალი ბრძოლისთვის ემზადებიან: მათ სურთ, რომ ევროკავშირის ახალ ბიუჯეტში „ერთიან აგრარულ პოლიტიკას“ (CAP) დაფინანსება არ შეუმცირდეს. ევროპის სოფლის მეურნეობის რეფორმას დეტალურად დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ.

რეგულაციების გამარტივების წყალობით  წელიწადში ფერმერები 1.58 მილიარდ ევროს დაზოგავენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი – 201 მილიონს.  ეს შედეგი რომ რეალობად იქცეს, ევროკომისია გამოვიდა შემდეგი ინიციატივით: მცირე ფერმერებს გაუმარტივდეთ გადახდის მექანიზმი, თუმცა სავალდებულო გადასახადების მთლიანი მოცულობა გაეზრდებათ 2500 ევრომდე; დაწესდეს უფრო მოქნილი კონტროლის მექანიზმი, მათ შორის ტორფნარის, ჭაობისა და მდინარეების დაცვაზე; გამარტივდეს კომპენსაციის გაცემის მექანიზმი სტიქიური უბედურებისა თუ პირუტყვის დაავადების გავრცელების დროს; ერთიანი ციფრული სისტემის საშუალებით შემცირდეს ქაღალდის დოკუმენტბრუნვა.

ფერმერები კმაყოფილი არიან, მაგრამ გარემოს დამცველები ირწმუნებიან, რომ ახალი წესები უკუშედეგს გამოიღებს. ეს უკანასკნელნი ამტკიცებენ, რომ გარემოს დაცვის ნაკლებად დაცვა კლიმატის ცვლილებას გაამწვავებს, რაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობას დააზარალებს.

მაინც რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირში აგრარული რეგულაციების გამარტივებას?

„გამარტივების მიზანია, ფერმერებს ცხოვრება გაუადვილოს, გაუუმჯობესოს კეთილდღეობა და შემოსავალი”, – განმარტავს ევრონიუსის ერთ-ერთი ექსპერტი აგრარულ საკითხებში ჟერარდო ფორტუნა. „და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფერმერთა იმ პროტესტის შედეგია, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ ბრიუსელსა და ევროკავშირის ქვეყნებში“.

ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტში ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფონდს (CAP)  386.600 მილიარდი ევრო გამოუყვეს – მთელი ბიუჯეტის ერთი-მესამედი. 2028-2034  წლების ბიუჯეტში ევროკომისია აგრარული პოლიტიკის ფონდის რეგიონული განვითარების ფონდთან გაერთიანების ინიციატივით გამოდის. შეიქმნება  ახალი ფინანსური ინსტრუმენტი სახელწოდებით „ეროვნული და რეგიონული ინვესტიციის პარტნიორობა“ (National and Regional Investment Partnerships). ევროპარლამენტი ამ იდეას იწუნებს და ახლახან გამოსცა რეზოლუცია, რომელიც ითხოვს, რომ ეს ფონდი დარჩეს ავტონომიური და შემდეგ ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა გამოუყონ.

საინტერესოა, როგორ აისახება გარემოს დაცვის რეგულაციების შეკვეცა ფერმერებზე?

„აშკარაა, რომ ამ წინადადებაში გარემოს დაცვის მიზნები არ გამქრალა. ევროკომისია ერევა გარკვეულ საკითხებში „ერთიანი აგრარული პოლიტიკის“  (CAP) პირველი ორი წლის განმავლობაში, რაც არ გამოადგებათ ჩვენს ფერმერებს“, – ამბობს პატრიკ პაგანი ფერმერთა ასოციაციის Copa-Cogeca-ის წარმომადგენელი.

მაგრამ გარემოსდამცველები სხვანაირად ფიქრობენ.

„აუცილებელია, გავიაზროთ, რომ ფერმერობა ბუნებას ეყრდნობა“, -განმარტავს სარა მარტინი, Client Earth-ის წარმომადგენელი. „ამიტომ როდესაც ევროკავშირში უკვე რამდენიმე წელია ავადებენ, ან აუქმებენ გარემოს დაცვის რეგულაციებს, ეს საფრთხეს უქმნის თავად ფერმერულ მეურნეობასაც, ფერმერთა დასაქმებასა და მათ ჯანმრთელობას, რადგან გარკვეული პროცედურების მავნე გავლენა მათზეც აისახება“.

კითხვაზე თუ რამდენად უზრუნველყოფს ევროპის აგრარული სექტორი სასურსათო უსაფრთხოებას, პატრიკ პაგანი ასე პასუხობს:

„საშუალო ზომის ფერმა 17 ჰექტარ მიწას მოიცავს. ასე რომ, არსებობს მცირე, საშუალო და დიდი ფერმები, მაგრამ მთავარია მრავალფეროვნების შენარჩუნება, სწორედ ის უწყობს ხელს ევროპაში სასურსათო უსაფრთხოებას და ევროპის ფარგლებს გარეთაც ამცირებს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“.

„ჩემი აზრით, ევროკავშირისა და მისი სასურსათო სუვერენიტეტის კონკურენტუნარიანობა არ არის გარანტირებული გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ჩვენ არ ვუწევთ წინააღმდეგობას იმ მავნე პრაქტიკას, რომელსაც ინტენსიური ფერმერობა აყენებს ბუნებას და რომლის მსხვერპლია თავად ფერმერიც“, – ამბობს  სარა მარტინი. „ჩვენ არ  ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ფერმერებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, მათ შორის არის კლიმატის ცვლილება, გარემოს დეგრადაცია, იმ მწერების განადგურება, რომლებიც დამტვერვას უწყობენ ხელს და ა.შ.“

რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა სოფლის მეურნეობა ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტის პრიორიტეტი, Copa-Cogeca-ის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ: „ევროკავშირს სჭირდება  აგრარულ სექტორში ინვესტიციების ჩადება და ბიუჯეტის ზრდა. ჩვენ მოვუწოდებთ, შევინარჩუნოთ ერთიანი პოლიტიკა, რათა ერთიანი ბაზარი არ დაირღვეს, ჩავდოთ ინვესტიციები, რათა გავიაროთ გარდამავალი პერიოდი, როგორც საზოგადოებას სურს და მართლა დავეხმაროთ ისეთ სტრატეგიულ სექტორს, როგორიც სოფლის მეურნეობაა“.

„ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობაში უნდა ჩავდოთ ინვესტიციები“, – განმარტავს  Client Earth-ის წარმომადგენელი. „აგრარული სექტორისთვის გვჭირდება ფული, მაგრამ ამ ფულით საზიანო სუბსიდირება არ უნდა წავახალისოთ. ამჟამად „ერთიანი აგრარული პოლიტიკის“ ბენეფიციართა მხოლოდ 20% იღებს მთელი სუბსიდიების 80%-ს. ეს მაღალი მაჩვენებელია“.

2024 წლის ევროპული არჩევნების წინ აგორებულმა ფერმერთა ხანგრძლივმა  საპროტესტო ტალღამ, რომელიც ზოგჯერ ძალადობრივიც იყო, მწვანე შეთანხმების კურსი შეცვალა. ახლა ევროპარლამენტარების უმრავლესობა აგრარული სექტორის მეტ მხარდაჭერას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ, რომ ეკოლოგიური გარდამავალი პერიოდი ნაკლებად ამბიციური იყოს. ევროკავშირის შემდეგი ბიუჯეტის განხილვის დროს გამოჩნდება, რამდენად სიღრმისეულ აგრარულ რეფორმას უნდა ველოდოთ.

ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend