„ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. ამისთვის საგარეო საქმეთა მინისტრების კონსენსუსი და შეთანხმება გვჭირდება“, – ასე უპასუხა ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურის ოფიციალურმა პირმა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რა ზომები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს.
განცხადებას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურის ოფიციალური პირის თანახმად, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ. მისი თქმით, შეხვედრაზე შეაფასებენ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომებს. ასევე განიხილავენ სანქციების საკითხს. გარდა ამისა, მოისმენენ მოსაზრებებს იმის შესახებ „თუ რას ხედავენ ისინი შემდგომ შესაძლებლობებად, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის საერთო მიმართულება ქართველი ხალხის, ქართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნამდვილად არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაჰყვეს“.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურმა პირმა მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება“ და რომ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ მათ შორის მოსამართლეებიც არიან.
15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის პირველი დიპლომატები შეიკრიბებიან. „საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს და ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების საპასუხოდ შესაძლო ზომებს განიხილავს“, – წერია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.