ძველ თბილისში ლადო ასათიანის ქუჩაზე ალბათ შეგიმჩნევიათ სიმწვანეში ჩაფლული ძველი სახლი, ლამაზი ფანჯრებითა და ორნამენტებით. ასათიანის 18 ნომერში მდებარე ეს შენობა, ერთი შეხედვით, მიტოვებული გეგონებათ, თუმცა უკანა შესასვლელიდან, პატარა ეზოში თუ მოხვდებით, ხის ძველ შუშაბანდებს მიღმა, მისი მცხოვრებლების ნახვაც შეიძლება.
ერთი თვალის შევლებითაც აშკარაა, რომ სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია.
ასმათ სანიკიძე ასათიანის 18 ნომერში 1997 წელს მეუღლესა და შვილებთან ერთად გადმოვიდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, შვილები დაქორწინდნენ, მეუღლე გარდაიცვალა. ახლა უმეტესად მარტოა და სტუმრების გამოჩენაც განსაკუთრებით უხარია.
პენსიონერი გვათვალიერებინებს იმ პირობებს, რომლებშიც ძველი სახლის მცხოვრებლებს წლების განმავლობაში უწევთ ცხოვრება.
„მოდით, განახებთ, სად ვცხოვრობ. როგორი სამზარეულო მაქვს, როგორი ოთახი მაქვს, როგორი ტუალეტი მაქვს…
ჩვენ პენსიონერები ვართ. მე მაგალითად 2029 წლამდე 300 ლარზე მეტს პენსიას ვერ ავიღებ, იცით რატომ? იქ სამზარეულოში სამნი რომ ვიყავით, სესხი გამოვიტანე და პატარა ტუალეტი და საშხაპე გავაკეთე აქეთ. რაც ეს გავაკეთე, ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის, იმიტომ რომ 100 კაცის ტუალეტის ხეხვა მიწევდა. წარმოგიდგენიათ? სამი ოჯახი – ამდენი სული ერთ ტუალეტში რიგში ვიდექით-ხოლმე. ის ტუალეტი რომ ნახოთ, მეზობელი სადაც ცხოვრობს, საშინელ მდგომარეობაშია. მე კი გავიუმჯობესე ცოტა პირობები – იმან რა ქნას?!” – გვეკითხება ასმათ სანიკიძე.
სახლის ის ნაწილი, რომელშიც პენსიონერი ცხოვრობს, გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული, მთავარი ფლიგელი კი მე-19 საუკუნეშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
დაზიანებული ჭერი ნაკლები პრობლემაა სველი წერტილის მდგომარეობასთან შედარებით, რომელიც აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახისთვის საერთოა. ძველი სახლის ეს ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ იატაკი ნაწილობრივ ჩავარდა – უზარმაზარი ნახვრეტიდან ახლა ქვედა სართული მოჩანს.
„მეზობელი რომ შედის, გული მისკდება და ვუკაკუნებ ხოლმე, არ ჩავარდეს-მეთქი.
აი, ამას შეხედეთ, 5 წუთი რომ დაჰგვიანებოდა, ჩაიტანდა სანდროს ქვევით… მთლიანი ფილა ჩამოვარდა ჭერიდან და გაასწრო სანდრომ ერთი წუთით, თორემ დაეცემოდა თავზე. სანდრო ჩემი შვილიშვილია…
ეს ნაპრალები ჩემმა სიძემ ამოავსო, რომ ქარი უბერავდა ნაპრალებიდან… კედელი გადაწეულია მთლიანად… გამგეობიდანაც იყვნენ და „დედა, დედა, სასწრაფოდ გასამაგრებელიაო”, – მერე აღარც მოსულან.
ჩემი მხარე მერეა მიშენებული 1956 წელში, მაგრამ იქითა მხარე არის უნიკალური.
ასათიანის 18 ნომერი ცნობილმა არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა 1897 წელს ააგო – აქვე ცხოვრობდა თავადაც.
საარქივო მასალების მიხედვით, ტატიშჩევი თბილისში მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ჩამოვიდა, ასწავლიდა არქიტექტურასა და ხატვას სამხატვრო სასწავლებელში და ამავე პერიოდში, თბილისში არაერთი სახლი დააპროექტა. ყველაზე ცნობილი მისი ნამუშევარი 1901 წელს შიმკევიჩთან ერთად დაპროექტებული „საარტისტო საზოგადოების” – ახლანდელი „რუსთაველის თეატრის” შენობაა. მასვე ეკუთვნის ბაგრატიონ-მუხრანბატონის სახლი გუდიაშვილის ქუჩაზე და სხვები.
„ვენეციური ბროლის ფანჯრები აქვს, საუკეთესო სახლია ყველანაირად. ყველაზე მაგარი სახლია ამ უბანში. არავინ არ მოსულა, რამდენი წელია აქ ვარ, 1997 წლიდან აქ ვცხოვრობ, 28 წელი გადის, კაციშვილს არ მოუფიქრებია რაიმეს გაკეთება… მე კი ვიბრძვი…” – ამბობს ასმათ სანიკიძე.
ტატიშჩევის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ შენობაში დაზიანებული სახურავიდან წლების განმავლობაში ჩადიოდა წვიმა. ბევრი წვალებისა და ძალისხმევის შედეგად, 2000-იანი წლების დასაწყისში, სახურავი როგორც იქნა შეაკეთეს. მას შემდეგ აქ რაიმე სარესტავრაციო ან გამაგრებითი სამუშაოები აღარასდროს ჩატარებულა.
„მეშველა, რომ თავზე არ მაწვიმს – დილით ბავშვებს სველი საბნით ვაღვიძებდი-ხოლმე. არავინ მოსულა, არცერთ ხელისუფლებას არ უფიქრია ამ სახლის რესტავრაცია ან კაპიტალური შეკეთება… არ ყოფილა ასეთი შემთხვევა… მოვლენ – წავლენ, მოვლენ – წავლენ… სარდაფები აქვს საუკეთესო, ყველაფრით შემკული სახლია და მყარია, რაც მთავარია, თუმცა ამ მშენებლობამ 7-8 მეტრის სიღრმეზე რომ მუშაობდა ბურღი, სულ მოარყია ეს სახლი, ჩვენი აბაზანა და ტუალეტი ქვედა სართულზე ჩავარდა და საშინელ მდგომარეობაშია. დაწერილიც გვაქვს, მიმართულიც მაგრამ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, როგორც ყოველთვის”, – ამბობს პენსიონერი.
როგორც ასმათ სანიკიძე გვიყვება, მეორე კატეგორიის ავარიული სახლის მდგომარეობა ყველაზე მეტად, გვერდით მიმდინარე მშენებლობამ დააზიანა, რომლის პროექტიც, მისივე თქმით, დარღვევით არის შედგენილი.
„12 მეტრამდე არიან ჩასულები მიწაში, მაღლა კიდევ ორი სართული დაამატეს და გადმოწიეს… გადავირიე, ეს რომ ვნახე – დაწერილი მაქვს განცხადება, საბუთები ყველაფერი მერიაში შეტანილია – ვერაფერს ვერ გავხდი… უნიკალურ ძეგლთან 50 მეტრზე მაინც უნდა იყოს დაშორება – სამი მეტრიც არ არის. მე პრეტენზია კი არ მაქვს, რაც მიყიდეს, ინვესტორმა ის იყიდა – იმ კაცმა ჩადო ფული – ამოაშენეს ახლა და რა ვუყო? ხომ არ დავანგრევინებ? თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, თუ მიაქცევენ ყურადღებას, კარგი იქნება და თუ არა – მე მივდივარ ამ ქვეყნიდან… რა ვიცი, თავისი ცოდვები მოეკითხებათ მათ, ვინც ამ უნიკალურ ძეგლს არ პატრონობს”, – ამბობს ასმათ სანიკიძე.
თბილისში ამ დროისთვის ათასობით ავარიული სახლია, რომელთა ნაწილსაც ძეგლის სტატუსი აქვს.
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენასა და რესტავრაციას დედაქალაქში თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ამიტომ ასათიანის 18 ნომრის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯია სწორედ ამ უწყებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია 2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.