საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) გამოაქვეყნა.
ISSA-ის კვლევის თანახმად, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის 59%. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის წინააღმდეგ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ გამოკითხულ ამომრჩეველთა 22%, ხოლო 23% შეფასებებისგან თავს იკავებს.
ორგანიზაციის კვლევამ ასევე მოიცვა საქართველოს მოსახლეობისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორებიცაა: ტერიტორიული მთლიანობა, სოციალურ-ეკონომიკური თემები, შიდაპოლიტიკური პროცესები, ქვეყნის საგარეო კურსი და პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.
კითხვაზე – შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას? – „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევის რეიტინგი ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 35.8%;
კოალიცია „ცვლილებისთვის“ – 18%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16.6%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 10%;
„ძლიერი საქართველო“ – 9.5%;
კვლევის შედეგების თანახმად, მაისის თვის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ რეიტინგები.
ამასთან, რეგიონებში გამოკითხულთაგან განსხვავებით, თბილისში „ქართული ოცნების“ რეიტინგმა, მაისის თვესთან შედარებით, იკლო.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ გამოკითხვა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში ჩაატარა.
კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
▪️სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
▪️შერჩევითი ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
▪️მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
▪️შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
▪️შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
▪️გამოპასუხების წილი: 71%
