„საქართველო დადექი!” – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო დროს დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებითა და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით „ქართულ ოცნებას” საქართველო ავტორიტარული გზით მიჰყავს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ისაუბრა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკური ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
„ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველას ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ, კიდევ რამდენიმე დღეებს თუ კვირებს, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ…“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტის გარდა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ მოწყობილი სცენიდან დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირთა ოჯახების წევრებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. მათი გზავნილი საერთო იყო – ერთიანობა, როგორც პოლიტიკურ, ისე სახალხო ფლანგზე.