ევროპაში, სადაც 2 მილიონზე მეტი მკვლევარი ცხოვრობს, უფრო მეტი მეცნიერის მიზიდვა სურთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეზღუდვები დაუწესა აკადემიურ სექტორს. მაგრამ საინტერესოა, რამდენად საკმარისი იქნება ინიციატივა, სახელწოდებით „აირჩიე ევროპა“, იმისთვის, რომ ევროკავშირი იქცეს მეცნიერების კუთხით მსოფლიო ლიდერად?
ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ 500 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტის შექმნის პირობა დადო 2025-2027 წლებისთვის. აქედან 20 მილიონი მხოლოდ ისეთ კვლევით პროექტებს მოხმარდება, რომლებსაც სამრეწველო დანიშნულება ექნებათ. ახალი შვიდწლიანი უზარმაზარი გრანტი დააფინანსებს პერსპექტიულ მკვლევრებს, რომლებიც სამეცნიერო კარიერას არ უღალატებენ. ის მეცნიერები, რომლებიც ევროპაში ჩამოვლენ, გრანტის გარდა, მიიღებენ დამატებით ანაზღაურებასაც, რომლის მოცულობაც წელს გაორმაგდება.
ამ ინიციატივის წარდგენის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირს მეცნიერების მიმართ ახალი მიდგომა სჭირდება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისიც თქვა, რომ სწორედ მეცნიერებაა მომავალში პროგრესისა და ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი საწვავი.
ეს ინიციატივა მხოლოდ ფინანსურ საკითხს კი არა ეხება, მასში ნახსენებია „ევროპული კვლევის სფეროს“ ახალი აქტიც, რომლის მიზანი ის არის, რომ მეცნიერული კვლევის თავისუფლება კანონით დაიცვას.
„ევროპაში განსხვავებულად ვიქცევით“, – ამბობს ეკატერინა ზახარიევა, ევროკომისარი სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციების საკითხებში. „ჩვენ არ ვეუბნებით მეცნიერებს, თუ როგორ იკვლიონ, ან რა იკვლიონ. ჩვენ პატივს ვცემთ მეცნიერების თავისუფლებას. პატივს ვცემთ მეცნიერებსა და ყველა თავისუფალია თავის კვლევაში და სიხარულით მივიღებთ ყველას ევროპაში“.
„ევროკომისიამ ძალიან მკაფიოდ განმარტა ეს საკითხი: ინიციატივის „აირჩიე ევროპა“ პრიორიტეტი ის არის, რომ მეცნიერება ისევ თავისუფალი და ყველასთვის ღია იყოს. გერმანიაში, მაგალითად, აკადემიური და კვლევითი თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად ითვლება და ისინი უკვე დაცულია გერმანიის კონსტიტუციით. კიდევ ბევრ რამეზეა ყურადღება გამახვილებული,“ – განმარტავს ამანდინ ჰესი, რომელიც ამ საკითხს აშუქებს ევრონიუსისთვის.
მოდი, ვნახოთ, რა მდგომარეობაა ევროპულ მეცნიერებაში ინვესტიციების ჩადების კუთხით. ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტში, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოზე ნაწილდება, 93 მილიარდი ევრო არის ჩადებული ევროპის კვლევით პროგრამაში „ჰორიზონტი“ (Horizon Europe Research Program). გარდა ამისა, თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს, ეროვნულ დონეზე რა რაოდენობის ინვესტიციები ჩაიდება. ამ მხრივ საკმაოდ დიდი სხვაობა შეინიშნება ქვეყნებს შორის: მაგალითად, ბელგია ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.4%-ს, ხოლო რუმინეთი – 0.4%-ს. საერთო ჯამში, ევრობლოკი მშპ-ის 2.2.%-ს ხარჯავს ინვესტიციებზე და ევროკომისიამ 2030 წლისთვის 3% განსაზღვრა ამ კუთხით. თუმცა ეს მაჩვენებელიც ბევრად ჩამორჩება სხვა განვითარებულ რეგიონებს. მაგალითად, ამერიკა 3.5%-ს ხარჯავს, იაპონია – 3.3%-ს, ხოლო ჩინეთი – 2.4%-ს.
სწორედ ამიტომ წარადგინა ევროკომისიამ თავისი ინიციატივა „აირჩიე ევროპა“. მაგრამ საინტერესოა, რამდენად საკმარისია ეს ინიციატივა იმისთვის, რომ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვინც უკვე აქ მუშაობს, მას უამრავ ბიუროკრატიასთან უხდება გამკლავება და ბიუჯეტიც მცირე აქვთ.
„ჩვენ შესანიშნავი პროგრამა გვაქვს „ევროპის ჰორიზონტის“ სახით. ეს გახლავთ ბრენდული სახელი მსოფლიოში ყველაზე დიდი პროგრამისა კვლევებისა და ინოვაციების სფეროში“, – ამბობს ეკატერინა ზახარიევა, ევროკომისარი სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციების საკითხებში. „ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ბიუროკრატიის, ანგარიშგების შემცირებას, ასე ვთქვათ, რათა ეს პროგრამა უფრო ხელმისაწვდომი იყოს უფრო მცირე კვლევითი ორგანიზაციებისთვის, მომცრო კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც დროსაც დაუზოგავს და ფულსაც, ვინც ჩაერთვება პროგრამაში“.
მეცნიერები შიშობენ, რომ მომავალში „კვლევის ჩარჩო პროგრამას“ (Research Framework Program) ფული დააკლდება და შესაძლოა შეერწყას კიდეც „კონკურენტუნარიანობის ფონდს“ (Competitiveness Fund).
„საჯარო დაფინანსება არასდროს იქნება საკმარისი”,- განმარტავს ზახარიევა. „ამიტომ ევროკომისია მუშაობს იმაზე, თუ როგორ მოიზიდოს მეტი ინვესტიცია კერძო სექტორიდან ინოვაციების კვლევაზე. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობ როგორც კერძო, ისე აკადემიურ სექტორებთან, არის ცოდნის გავრცელება, ახალი აღმოჩენების გადაცემა ბაზრისთვის. აი, სწორედ ეს არის კონკურენტუნარიანობის ფონდის მიზანი. როგორც უკვე ვთქვი, ინოვაციების კვლევის პროგრამა, ჩარჩო პროგრამები ჩადებულია ჩვენს შეთანხმებებში. ამიტომ გაგრძელდება კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, თუმცა მათი კავშირი კონკურენტუნარიანობასთან აუცილებელია განვითარებისთვის, ჩემი აზრით. ასე რომ, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“.
მსოფლიოში კვლევების მეოთხედი ევროპაში ტარდება, რის გამოც ევროპა ცოდნის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ადგილია. ევრობლოკი ლიდერადაც კი ითვლება გარკვეულ სფეროებში, როგორებიცაა რობოტიკა, კოსმოსური ტექნოლოგიები და ფარმაკოლოგია, მაგალითად. ამ სექტორებში ძალიან მაღალია კონკურენცია მთელ მსოფლიოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მეტ თანხას გაიღებენ, რათა საკუთარ აკადემიურ და ინდუსტრიულ სექტორებში საუკეთესო კადრები მიიზიდონ.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა