მთავარიგადაცემებიEuropeans' Storiesსროლის გაკვეთილები სკოლაში და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები საზღვარზე - ლატვია საგანგებო მდგომარეობისთვის ემზადება

სროლის გაკვეთილები სკოლაში და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები საზღვარზე – ლატვია საგანგებო მდგომარეობისთვის ემზადება

უსიამოვნო სიურპრიზებისაგან დაცული რომ იყვნენ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის გარე საზღვრებს ამაგრებენ: აგებენ ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებსა და ნაღმავენ მინდვრებს. ლატვიამ სკოლებში ე.წ. „სამხედროს გაკვეთილები“ შეიტანა, როგორც სავალდებულო საგანი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ როგორც პოლიტიკოსებმა, ისე სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებამ  უსაფრთხოების კონცეფციაზე ახლებურად დაიწყეს ფიქრი. მთავარი კითხვა ასეთია: მაინც რამდენად დაცულია ევროკავშირის გარე საზღვრები?

ევროპის უსაფრთხოების გარანტიას ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ქმნის. თუ ნატოს წევრ ქვეყანას ვინმე თავს დაესხმება, დანარჩენები ვალდებული არიან, დაეხმარონ. მტრის მთავარი შემაკავებელი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული ქოლგაა, რომელიც მთელ ევროპას ფარავს. 1952 წელს ევროპამ სცადა, საკუთარი ერთიანი ევროპული არმიის შექმნა. ეს პროექტი მაშინ ჩავარდა საფრანგეთის პარლამენტის წინააღმდეგობის გამო. თუმცა მას შემდეგ, რაც 2009 წელს ლისაბონის შეთანხმება შევიდა ძალაში, ევროკავშირის წვერი სახელმწიფოები ვალდებული არიან, ერთმანეთს დაეხმარონ თავდასხმის შემთხვევაში. ამჟამად მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია საფრანგეთს – ევროკავშირში ბირთვული იარაღის მქონე ერთადერთ სახელმწიფოს – იყოს ევროპის უსაფრთხოების გარანტი. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ბევრი ცდილობს სამხედრო ხარჯის გაზრდას, განსაკუთრებით პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია. როდესაც 2014 წელს რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ევროკავშირის ცხრა ქვეყანას დღეს უკვე აქვს სამხედრო სამსახური. გერმანია მოხალისეთა ბაზაზე არსებული სამხედრო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო პირების გასამხედროებული დანაყოფები გადიან წვრთნებს, რათა იარაღის მოხმარება ისწავლონ. ლატვიისა და პოლონეთის სკოლებში კი სროლის სავალდებულო გაკვეთილები შემოიღეს.

უსიამოვნო სიურპრიზებისაგან თავი რომ დაიცვან, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის გარე საზღვრებს ამაგრებენ ტანკსაწინააღმდეგო ნაგებობებით, და მალე ალბათ დანაღმული მინდვრის ზოლებიც მზად იქნება. ევროპელ და ნატოს წევრ პარტნიორებს შორის ერთიანი სამხედრო წვრთნები სულ უფრო გახშირდა.

ლატვიის საზღვარი რუსეთთან  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვრებია. მე ლატვიაში ჩავედი, ევროკავშირის გარე საზღვართან. ლატვიის დიდი მეზობელი შიშის საფუძველს ქმნის: მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბევრი შიშობს, რომ მოსკოვი შესაძლოა, მათაც დაესხას თავს.

ლატვიას რუსეთის საზღვართან ბეტონის ბლოკებია აღმართული, რომელთაც  „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ. ამ ნაგებობებს ლატვია ევროკავშირის გარე საზღვრის თავისი მონაკვეთის დასაცავად იყენებს. მთელი საზოგადოება აცნობიერებს, რომ საფრთხე არსებობს.

ლატვიელი, პოლონელი, კანადელი და ესპანელი ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს ადაჟიში მდებარე ნატოს ბაზაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აქ საჯარისო კონტინგენტი გაიზარდა.  პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 2 პროცენტს თავდაცვაზე 2020 წლიდან ხარჯავენ, თუმცა მალე ეს მაჩვენებელი 5% გახდება.

ლატვიას უსაფრთხოების ახალი კონცეფცია აქვს, რომელიც სამოქალაქო პირების ჩართვასაც გულისხმობს. ყველა საშუალო სკოლაში სამხედრო წვრთნის სავალდებულო 112 საათი დაემატა. რიგის ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები აგნია კერმანე და აგნეს ფრიშენფელდი ფიქრობენ, რომ ეს კარგია.

„ვისწავლეთ ორიენტირება, ასევე როგორ წავიკითხოთ რუკა და შევინიღბოთ ტყეში, მაგალითად, სამხედრო მოხატულობით“, – ამბობს აგნესი. „გარდა ამისა, გადავედით სხვა სკოლაში და ვუთხარით: „ოთხ საათზე მტერს ველოდებით“ და რაღაც ამის მსგავსი სამხედრო ენაზე, ნატოს ანბანიც გავიარეთ. ვისწავლეთ სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენება. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის პატრიოტებზე, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ ომში მიიღეს მონაწილეობა და საგმირო საქმეები ჩაიდინეს“, – განმარტავს აგნია.

აგნესი და აგნია ტურიზმის მენეჯმენტს სწავლობენ და უკვე მიიღეს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში ესპანეთსა და ნიდერლანდებში. სკოლებში სროლის გაკვეთილების ჩატარება – თუნდაც ცარიელი ტყვიებით – ევროკავშირში იშვიათობაა. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, პოლონეთსა და ლატვიაში.

„ჩვენ მცირე ერი ვართ, ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით მილიონ 800 ათასია და, ჩემი აზრით, ყველა ლატვიელმა უნდა გაიაროს საბაზისო სამხედრო სწავლება“, – ასე ფოქრიბს აგნესი.

„პრაქტიკული გაკვეთილებიც გვიტარდება, და თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – ამატებს აგნია. აგნესი ისევ ერთვება საუბარში: „სულ არა მეშინია, რადგან ჩვენ ევროპარლამენტშიც ვართ წარმოდგენილი და ნატოშიც – ასე რომ, დაცული ვართ და ჩვენც შეგვიძლია თავის დაცვა“.

ინტერვიუ ჩავწერე ლატვიის თავდაცვის მინისტრთან ანდრის სპრუდსთან.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენი მოკავშირეების ათასობით ჯარისკაცი იმყოფება აქ“, – ამბობს იგი. „ძალიან მნიშვნელოვანია მათი რაოდენობის გაზრდაც. ჩვენ უკვე ვხარჯავთ ჩვენი მშპ-ის 3 პროცენტს თავდაცვაზე და 5 პროცენტამდეც ავალთ“.

ევრონიუსი: „რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ რუსეთმა ევროკავშირის ტერიტორიას შეუტიოს?“

ანდრის სპრუდსი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი: „რა თქმა უნდა, არსებობს, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა, რომლის დნმ-შიც მტკიცედ დევს იმპერიალისტური ექსპანსია. ეს ვნახეთ უკვე წარსულში და, დიდი ალბათობით, იგივე იქნება მომავალშიც. თუ შევასრულებთ ჩვენს საშინაო დავალებას, ეს იქნება საუკეთესო შეკავება. მაშინ ვერავინ გაბედავს ფიქრსაც კი თავდასხმაზე“.

ევრონიუსი: „რამდენად შესწევს ევროკავშირს გარედან თავდასხმაზე პასუხის გაცემის ძალა?“

ანდრის სპრუდსი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი: „ევროპელებს დაახლოებით ორი მილიონი ჯარისკაცი ჰყავთ. ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა, რადგან ნატოს წევრებიც ვართ. ასე რომ, ის კლდესავით მტკიცეა“.

ევრონიუსი: „უნდა შექმნას თუ არა ევროკავშირმა  საკუთარი არმია?“

ანდრის სპრუდსი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი: „ევროპელმა ერებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ ერთად. სხვადასხვა ეროვნული ჯარი თანამშრომლობს ისე, რომ ერთად შეძლონ მოქმედება. ნატო ცოცხალია, ძლიერია და მოქმედი და ის უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ასეთი. და როგორც ამერიკის თავდაცვის ახალმა მინისტრმა განაცხადა, ის უნდა გახდეს უფრო მომაკვდინებელი, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის. ამიტომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით სამხედრო მრეწველობის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, დრონების ტექნოლოგიის, დრონებით საპასუხო დარტყმის, მეხუთე თაობის ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში: ჩვენ ინოვაციურები უნდა ვიყოთ“.

ევრონიუსი:  „როგორია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა ევროკავშირის მიმართ, როგორ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპულ დონეზე?“

ანდრის სპრუდსი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი: „ევროპულ დონეზე ხელახალი შეიარაღების ამბიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება ერთობლივი სესხისა და გრანტის სისტემასაც. უნდა ჩაიდოს ინვესტიციები როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე, რათა მტერმა იცოდეს, რომ ჩვენ ვასრულებთ საშინაო დავალებას: რომ გულშიც არ გაივლოს ზიანის მიყენება ევროპელებისთვის! ტერიტორია, ხალხი, ევროკავშირი და ნატო დაცული უნდა იყოს მიწის პირველივე მტკაველიდან. ამიტომაც არის ჩვენი გარე საზღვარი პრიორიტეტული ყველა ჩვენგანისთვის“.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend