ეროვნული უსაფრთოების საბჭო, რომელიც საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო სტრუქტურაა, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან მაღალი ალბათობით აღარ იარსებებს. ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყება, რომელმაც სწრაფად უნდა აღმოფხვრას მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, საგარეო თუ შიდა საფრთხეები, მთავრობის პარლამენტისადმი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაუქმდეს.
“ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა. ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს”– ნათქვამია ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ეს უწყება დიდად მნიშვნელოვანი არ არის. მათივე თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომელთაც ასეთი ორგანო საერთოდ არ აქვთ.
„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას – არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ. ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს. ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებში დანერგილი პრაქტიკაა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული”, – განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. მანამდე კი არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო. უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი, საფრთხეებთან გამკლავების პოლიტიკის სრულად ჩამოშლაა, რაც მრავალი გამოწვევის წინაშე მდგარ ჩვენს ქვეყანას, კიდევ უფრო გაურკვეველ და დაუცველ ვითარებაში აყენებს.
“მთავრობის პრიორიტეტი არის უსაფრთხოების სფეროს მოშლა და არა უსაფრთხოების პოლიტიკის გამართვა. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, საქმე გვაქვს არათანმიმდევრულობასთან და უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელობის მიზანმიმართულად უგულებელყოფასთან. ჯერ შექმნეს უშიშროების საბჭოს პარალელური საბჭო პრემიერის დაქვემდებარებაში. ეს კი იყო სწორი, რომ მთავრობის მეთაურს დაქვემდებარებოდა, მაგრამ კიდევ პარალელური უწყების შექმნა საჭირო აღარ იყო. შემდეგ გააუქმეს ორივე. დაახლოებით ორ წელზე მეტხანს საერთოდ მსგავსი უწყების გარეშე იყო ქვეყანა. როგორც იქნა მიიღეს ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება, მაგრამ შექმნეს ნაკლოვანი სახით. ფაქტობრივად უფუნქციო იყო. მას არ ჰყავდა დამოუკიდებელი მმართველი. ახლა ისევ მივედით მის გაუქმებამდე. არ იყო ქმედითი, მაგრამ ახლა სულ აუქმებენ”. – აცხადებს გიორგი ბილანიშვილი.
უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი, პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის დაუცველობის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რომლის ინსტრუქციაც მთავრობას კრემლიდან მოსდის. მისი განცხადებით, მთავრობა ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ეს არის უმნიშნველო ორგანო და ის ბევრ ქვეყანას არ აქვს. მისივე განმარტებით, ყველა ნორმალურ და საფრთხეების აღმოფხვრაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში, მსგავსი უწყება არსებობს.
“2017 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ, აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს კანონით და ეს იმიტომ, რომ შეძლეს 2017 წელს შეტანილი ცვლილებებით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება კონსტიტიციით და უარი თქვეს საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, თუნდაც კონსტიტუციაში ყოფილიყო პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული უსაფრთხოების საბჭო. ახლა როცა მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს გაცხადდა თუ რატომ მოხდა ასე ჯერ კიდევ 2017 წელს: როგორც ჩანს ემზადებოდნენ ორივე საბჭოს გაუქმების შემდეგ 2019 წელს კანონით შექმნილი მკვდრადშობილი უსაფრთხოების საბჭოს კანონის ძალით გასაუქმებლად. საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ. ტყუილია ის, რომ უსაფრთხოების საბჭოები საპარლამენტო მოდელში არ არსებობს და მთავრობა როგორც კოლექტიური ორგანო ითავსებს მას, რადგან ყველა მეზობელს და ევროკავშირის ქვეყანას ეს საბჭო საპარლამენტო წყობაში მეტწილად პრეზიდენტთან ან პრემიერთან აქვს. მხოლოდ გერმანიას არ აქვს ცალკე უსაფრთხოების საბჭოს სახით არსებული ინსტიტუტი და კანონპროექტით გაუქმების საბაბიც შესაბამისად ტყუილია! მიზანი ამ ცვლილებების უკვე მეორედ, უკვე ინსტიტუტების ფორმალური მიტაცების შემდგომ მისი გაუქმებაა. რადგან უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება, რადგან მხოლოდ ბიძინას და რეჟიმის უსაფრთხოებას იცავს”,– განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის ორგანოა. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. არსებობის განმავლობაში საბჭო სულ რამდენჯერმე შეიკრიბა. მთავრობის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ ახალი უწყების შექმნის დეტალები, სტრუქტურა და მიზნები ჯერ უცნობია. ეს საკითხი სხვა მრავალი საკითხის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მიერ, სავარაუდოდ დაჩქარებულად, ამ ზაფხულის განმავლობაში გადაწყდება.
ავტორი: ალეკო გვეტაძე