კითხვაზე – უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) ახალი კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% თანხმობას აცხადებს. 22,3% – არ უჭერს მხარს, 23,2% კი პასუხისგან თავს იკავებს.
თუმცა, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარს ამბობს პასუხზე – 50%.
რეგიონებში კი 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37,4% – მხარს უჭერს ოპოზიციის ერთიან სიას. 24% – მომხრეა ცალკე სიების. 38,6% კი პასუხისგან თავს იკავებს.
ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი, 36% ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი, 39% – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
ამ კვლევამ ფართო დისკუსია გამოიწვია პოლიტიკურ სუბიექტებში ოპოზიციური ფლანგიდან.
„ლელოს“ გაერთიანება და „გახარია – საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ კვლევამ მკაფიოდ აჩვენა ხალხის მოთხოვნა პოლიტიკური ცვლილებების მხრივ, რასაც არჩევნები უზრუნველყოფს.
„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებული ეტაპი, დიდი ხანია, გადავლახეთ, დიდი ხანია, ვმუშაობთ პარტიულად ნეიტრალურ კანდიდატებთან დაკავშირებით და ამაზე ვესაუბრებით „ლელოს“, დიდი ხანია. რაც შეეხება კვლევას, ამ კვლევას რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის მთავარი საკითხია, რომ ეს კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა „კოალიციები”, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს; მეორე, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მზარდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ძალიან ეფექტურია. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არც ოლიგარქები გვყავს, ვინც გვაფინანსებს, არც ბანკირები გვყავს. არანაირი ფინანსური სერიოზული რესურსი ჩვენ უკან არ დგას. ამის მიუხედავად, შევძელით, რომ ყველაზე ეფექტურად, მინიმალური შესაძლებლობების ფარგლებში მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და გვქონოდა მეტი პერსპექტივა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს უკან მდგომი ამომრჩევლები ჩვენგან რაიმე ფინანსურ მხარდაჭერას კი არ ელოდებიან, ჩვენთან არიან, რადგან სჯერათ იმ იდეის, რაც ჩვენ გვაქვს. ძალიან დიდი ინტერპრეტაციის სივრცეებია და ამ სივრცეებში არ გვინდა შესვლა“, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიჩნევენ, რომ კვლევამ მოსახლეობის კრიტიკული განწყობა აჩვენა ამ პოლიტიკურ პირობებში ჩატარებული არჩევნების მიმართ.
“ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ. ფაქტობრივად, ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27% არის ახლა მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკო-ს პირობებში შეძლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. როდესაც შენი ამომრჩევლის 60%-მდე მიიჩნევს, რომ არჩევნები ყველა ვარიანტში დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს”, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები კვლავ ოპოზიციის სისუსტესა და ქვეყანაში მათ მიერ დესტრუქციის შემოტანის საფრთხეზე საუბრობენ. იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა მათი ოპონენტები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას.
„მრავალმხრივი თემებია ამ კვლევაში, შეიძლება, ყველაფერზე ვიკამათოთ. ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ ეს ასეა და ბევრი უჭერს ამას მხარს, ნიშნავს, რომ არც ოპოზიციურ ფლანგზე არიან დარწმუნებული ადამიანები, რომ მისაღებია მუდმივი დესტრუქციის, რევოლუციის სცენარი პირადად მათთვის, მათი ოჯახებისა და საქართველოსთვის. რეალურად, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ არცერთ ფლანგზე, მაგრამ ეს სცენარი არ იცვლება იმ სათავეში, რომელსაც სამწუხარო, სავალალო ოპოზიცია წარმოადგენს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლკსიმ.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. განსაზღვრულია ±2.2% ცდომილება, 95%-იანი სანდოობით. ეს კვლევა, ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC – თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ავტორი: ალეკო გვეტაძე