თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
13 ივნისის პროცესზე პროკურატურის კიდევ ოთხი მოწმე პოლიციელი დაიკითხა. ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ერთ-ერთ მათგანს სთხოვა, დაესახელებინა, ბრალდებულთაგან რომელი იყო ვალერი თეთრაშვილი. მოწმემ ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა, თუმცა ვალერი თეთრაშვილი პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა.
პროცესზე დაცვის მხარემ სხდომების თარიღების გადახედვა მოითხოვა, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ გაითვალისწინა – მათე დევიძის საქმეზე, 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების გამო, დაცვის მხარემ მისი აცილების შუამდგომლობაც დააყენა. მას სიტყვით მიმართა ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არგუმენტით, რომ ის უსაფუძვლოა.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმაც. სასამართლო სხდომათა დარბაზში მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ საქართველოში არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა.
„ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი. ეს ცუდია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში, ადამიანისთვის. თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, არაფერი ობიექტური არ იქნება და ქვეყანაში სულ არეულობა იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები…“ – თქვა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ივნისს გაგრძელდება.