მთავარიევროპაუკრაინაალექსანდარ ვუჩიჩი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველად ჩავიდა

ალექსანდარ ვუჩიჩი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველად ჩავიდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში, რომელიც ამ კვირაში რუსეთის მასშტაბური სარაკეტო იერიშის ერთ-ერთი სამიზნე იყო, 11 ივნისს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტი შედგა.

ოდესაში გამართულ სამიტს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა.

სერბეთის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბელგრადს ომისგან განადგურებული რეგიონების აღდგენაში უკრაინის დახმარება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ვუჩიჩმა შეინარჩუნა ბალანსის ის პოლიტიკა, რომლითაც კიევთან და მოსკოვთან თანაბრად კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს.

კერძოდ, ალექსანდარ ვუჩიჩმა არ მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომელიც სამიტზე მიიღეს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ითვალისწინებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

„ვფიქრობ, გზავნილი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, რადგან მიღებული დეკლარაცია ჩვენთვის მარტივი საკითხი არაა და სწორედ ამიტომ თავი შევიკავე და ხელმომწერთა შორის ჩემი სახელი არაა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სრული მადლიერება პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ ოდესაში განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისთვის. თუ არ ვცდები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავ დეკლარაციის ტექსტშია და ყველას მოუწოდებს, მიიღონ. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე არ მოვაწერე ხელი“, – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი.

სერბეთი ერთი-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც უარი თქვა დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რადგან მოსკოვი ბელგრადისთვის გაზის უმსხვილესი იმპორტიორია.

მიუხედავად ამისა, ოდესაში ვიზიტისას ალექსანდარ ვუჩიჩმა დაგმო მოსკოვის პოლიტიკა გაეროში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა სერბეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაშიც დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ეს ბალკანელი მოკავშირის მიერ ზურგში დანის ჩარტყმაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend