მთავარისაქართველორუსეთ-საქართველოს ომი და „მუხროვანის ამბოხება“ - დროებითი კომისიის სხდომები გრძელდება

რუსეთ-საქართველოს ომი და „მუხროვანის ამბოხება“ – დროებითი კომისიის სხდომები გრძელდება

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

11 ივნისის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და 2009 წელს „მუხროვანის ამბოხის“ სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კომისიამ გენერალ კობა კობალაძეს მოუსმინა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სამინისტროებს შორის უფლებამოსილებები დელეგირებული არ იყო. ის ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვან ბრძანებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უწყების იმდროინდელი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი გასცემდა. „მუხროვანის ამბოხებაზე“ საუბრისას, თეა წულუკიანმა თქვა, რომ იმდროინდელი შს მინისტრის სიტყვები ყოფილი ხელისუფლების მმართველობის სახე იყო.

„ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია“ – ამ რამდენიმე წამში არის ჩადებული სააკაშვილის მმართველობის მთელი არსი. სად თქვა ეს შს მინისტრმა? რა ვითარება იყო ადგილზე? რატომ მოითხოვა ორი გვამი შს მინისტრმა, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოდეს? და რეალურად მიუტანეს თუ არა მას ეს ორი გვამი?… 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაშინაც იყო და ახლაც არის მოსაზრება, რომ ეს გარკვეულწილად იყო რაღაც ამბის გაგრძელება და მთლიანობაში სახე იმისა, თუ როგორ ეპყრობოდა სააკაშვილი და მისი პოლიტიკური მმართველი გუნდი ჯარს, სამხედროებსა და სამხედრო საქმეს“, – თქვა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გენერალმა, კობა კობალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, 2008 წლის აგვისტოს ომში, გულგრილობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი, რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი საბრძოლო მოქმედებები, როდესაც, ფაქტობრივად, მმართველი რგოლი არამარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული… თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას სახე და ღირსება, ეს იყო ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, მრავალი გულანთებული და პატრიოტი ადამიანი და წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან…“, – განაცხადა გენერალმა, კობა კობალაძემ.

მომდევნო დღეებში კომისიამ სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს საქმის განხილვა უნდა გააგრძელოს. ამ საკითხზე 14 აპრილს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოიკითხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend