“მოსახლეობა იზრდება – არ იზრდება ტრანსპორტის რაოდენობა..”, “ბოლო, კრიტიკული წერტილი რა იქნება ამის წარმოდგენაც გვიჭირს…”- ხალხით სავსე ავტობუსში ძლივძლივობით ასვლა დილა-საღამოს დიდი დიღმის მცხოვრებთა ის ყოველდღიურობაა, რომელსაც ადგილობრივების უმრავლესობა უკვე დიდი ხანია შეეჩვია.
მთავარია, ავტობუსში ასვლა როგორღაც შეძლო და კარი როგორმე დაიკეტოს…
„არის გადატვირთული, საშინელი დისკომფორტია – ორსულებისთვის, მოხუცებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთათვის.. ძალიან რთულია ასეთ პირობებში, მით უფრო სიცხეში მგზავრობა, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება ნამდვილად საჭიროა. ეს პრობლემები განპირობებულია ქაოსური მშენებლობებით – ირგვლივ რომ მიმოიხედოთ, აუცილებლად შეამჩნევთ მიმდინარე მშენებლობას თითოეულ ქუჩაზე. ნებართვების გაცემა ხდება მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და გზის გამტარუნარიანობის ანალიზისა გარეშე. მე პირადად, 2009 წლიდან ვცხოვრობ აქ – მაშინ ამ კორპუსების ნახევარიც კი არ არსებობდა. მირიან მეფეზე, ფარნავაზის გამზირზე. როგორც ამბობენ, ემატება ოცსართულიანი კორპუსები და კიდევ იგეგმება 35 სართულამდე კორპუსების დამატება, წარმოიდგინეთ, რამდენი მანქანა უნდა მოვიდეს ამ კორპუსებთან, გაჩერდეს და შემდგომ უკან წავიდეს!” – ამბობს დიდი დიღმის მცხოვრები ნინო ზურაშვილი.
დიდი დიღმის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ამ დროისთვის 50 ათასს აღწევს. ამ უბნის განაშენიანების გეგმა ჯერ კიდევ ადრეულ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ ოთხმოციან წლებში დაიწყო, როდესაც ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დიღმის საბჭოთა მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები მდებარეობდა. 90-იანი წლების ბოლოსთვის, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ პირველი და ნაწილობრივ მეორე რაიონების აშენება მოესწრო. 2000-იანი წლებიდან კი ტერიტორია უსისტემო და ქაოსურმა განაშენიანებამ თითქმის სრულად შეავსო. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უბანს არ ჰყოფნის სკოლები, ბაღები, საფეხმავლო კავშირები, გამწვანება და განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის ხელმისაწვდომობაც, წლების განმავლობაში, უმწვავეს პრობლემად რჩება. მოსახლეობამ არაერთხელ მოვითხოვეთ რომ მეტროსადგური დაემატოს მაგრამ პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ დიდ დიღომში ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის – რამდენი უნდა ცხოვრობდეს რომ ახალი მეტროსადგური ააშენონ – მეორე საკითხია სად უნდა აშენდეს ეს მეტროსადგური – ადგილი აღარ დარჩა ყველგან კორპუსია..
„ძალიან რთულია, განსაკუთრებით დილის საათებში 9 – 10 საათზე ძალიან იჭედება ჩვენი გასასვლელი, ქალაქისკენ გასვლა ძალიან ძალიან ძნელია და დიდ დროს მოითხოვს. ასევეა საღამოსაც. მე ხშირად მიწევს სარგებლობა ისნის მიმართულებით და გული მტკივა,რომ ამ მიმართულებით არ დადის არც სამარშრუტო ტაქსი და არც ავტობუსი, უნდა შეიცვალო რამდენიმე ტრანსპორტი, ძალიან რთულია მოძრაობა გლდანიდან დიდი დიღმის მიმართულებითაც – უსასრულოდ ელოდები სამარშრუტო ტაქსის და გატენილში შეიძლება გახვიდე, შეიძლება – ვერა. აქედანაც ასეა. სამარშრუტო ტაქსებში კიდევ უფრო გაჭედილები ვართ, ვიდრე ავტობუსებში. ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ არის ხოლმე და ჩაივლის და აღარც გაგიჩერებს – არც შეიძლება ამდენი ადამიანის ფეხზე დგომა მაგრამ დაუშვეს ესეც – არ უნდა იყოს დაშვებული მე თუ მკითხავთ. იგივე ვითარებაა ავტობუსშიც – სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებით 293 ნომერი დადის, რომელიც საკმაოდ კარგი ტრანსპორტია, მაგრამ რაღაც პერიოდებში დილა საღამოს იქაც შეუძლებელია ასვლა”, – ამბობს დიდი დიღმის მცხოვრები, ნინო ნაცვლიშვილი.
სარაჯიშვილის მეტროდან დიდ დიღომში მიმავალი ავტობუსები ევრონიუსის ვიდეოკამერამაც დააფიქსირა – კადრში ჩანს, როგორ ელოდება ათეულობით ადამიანი ავტობუსის მგზავრებისგან დაცლას, რომ ტრანსპორტში ავიდეს. აშკარაა, რომ მგზავრების ამ რაოდენობას დიდი ზომის ავტობუსიც კი გაჭირვებით უმკლავდება – სივიწროვის გამო კარის დაკეტვა ძალიან ჭირს..
“სულ ბრძოლა გვიწევს, გამუდმებით გვიწევს ბრძოლა, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ და შედარებით უკეთ ვიმგზავროთ ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ გვყავს ავტომობილი.. დღეს მივდივარ მაგალითად საღამოს საათებში მაღლივი კორპუსის მიმართულებით და საათნახევრით – ორი საათით ადრე მიწევს გასვლა, რადგან ვიცი, რაც მელოდება გზაში. მოსახლეობა იზრდება – არ იზრდება ტრანსპორტის რაოდენობა, სკოლების და ბაღების რაოდენობა და ა.შ.” – ამბობს ნაცვლიშვილი.
„ძალიან ჭირს გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით – უბანი ფაქტობრივად ჩაკეტილ სივრცეს ემსგავსება, ამის გამო. ვყოფილვარ მე მაგალითად ქალაქის ცენტრში და რამდენიმე ტრანსპორტი გამიშვია, იმიტომ რომ ასეთ გაჭედილ ტრანსპორტში ბავშვით შესვლა შეუძლებელია. უბრალოდ ბავშვი ვერ შეძლებდა იქ შესვლას და სუნთქვას. როცა ქალაქის ცენტრში ვართ – დიდი დიღმისკენ მოდის ერთი ან ორი ერთეული ტრანსპორტი, მაშინ როცა სხვა უბნების მიმართულებით, გლდანის მაგალითად გაცილებით მეტი ტრანსპორტი მიდის”, – ამბობს დიდი დიღმის მცხოვრები მარინა ვაშალომიძე.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრამდე მისაღწევად ან უკან დასაბრუნებლად, ჩვეულებრივ, საათნახევარი ან ორი საათია საჭირო, ზოგჯერ კი გაცილებით მეტი. „განსაკუთრებით უამინდობის დროს არის აბსოლუტურად პარალიზებული ტრანსპორტი – საათნახევარი ამ დროს შეიძლება ორ საათნახევრად ან სამ საათად გადაიქცეს, განაშენიანება მიდის სასწაული ტემპით, რასაც ვერ ეწევა ვერც გზების გამტარუნარიანობა ვერც სატრანსპორტო პოლიტიკა. არის ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების ნაკლებობა, ხაზების ნაკლებობა, და ასევე პრობლემაა, რომ ავტობუსის ზოლი რაც იყო დაპირებული, ბოლომდე არ უერთდება ქალაქის ცენტრს” – ამბობს მარინა ვაშალომიძე. ირკვევა, რომ უბნიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაღწევა, მხოლოდ რთული მგზავრობის დასაწყისია. პრობლემა ისაა, რომ ბასლეინი დიდ დიღომში სრულდება, ამიტომ, სანამ მორიგ ბასლეინამდე მიაღწევს, ავტობუსი ავტომანქანების უზარმაზარ საცობშიც ხვდება. ადგილობრივები იმ დაპირებებზე ჰყვებიან, რომლებიც მათ უბანში ალტერნატიული ტრანსპორტის გაჩენას უკავშირდებოდა.
„იყო დაპირებები, რომლებიც არა და არ შესრულდა და ვფიქრობთ რომ აღარც შესრულდება – უფრო წინასაარჩევნო დაპირებას ჰგავს და დეველოპერების წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ, რომ ტერიტორია აღარ არის დარჩენილი, სადაც შეიძლება რომ მიწისზედა მეტრო აშენდეს.. როცა საუბრობენ მიწისზედა მეტროზე, არ აზუსტებენ არაფერს და ძალიან ბუნდოვნად საუბრობენ. მთავარი გასაკეთებელი ამ ეტაპზე ის არის, რომ რაც გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – ეს მაინც იყოს მოწესრიგებული – გვპირდებოდნენ რომ დიდ დიღომში გაკეთდებოდა 10 დერეფანი, დაემატებოდა ხაზებიც და დაემატებოდა ავტობუსების რაოდენობაც, რაც სამწუხაროდ არ მოხდა, შესრულდა ნაწილობრივ. ბოლო კრიტიკული წერტილი რა იქნება ამის წარმოდგენაც გვიჭირს,” – ამბობს დიდი დიღმის მცხოვრები მარინა ვაშალომიძე.
დიდი დიღმის სატრანსპორტო პრობლემებზე ჩვენ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მივმართეთ. მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში დედაქალაქს წელს 125 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი შეემატება.
„ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის — ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც მიმინარე წელს დასრულდება. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი ცვლილებები: საშუალო ტევადობის ავტობუსების ჩანაცვლება დიდი ტევადობის 18-მეტრიანი ავტობუსებით, რაც მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობებს გაზრდის; გამოთავისუფლებული საშუალო ტევადობის ავტობუსები ჩაანაცვლებენ მიკროავტობუსებს და იმ უბნების მომსახურებას უზრუნველყოფენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს; გადამზიდავ მარშრუტებზე ინტერვალები შემცირდება, რაც მგზავრობის დროისა და ტრანსპორტის მოლოდინის შემცირებას გამოიწვევს. რაც შეეხება დიდ დიღომში ტრანსპორტის საკითხების გაუმჯობესებას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აქაც დაემატება 18 მეტრიანი ავტობუსები, რაც ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება, ასევე რაოდენობრივად გაიზრდება თითოეულ მარშრუტზე ავტობუსების რიცხვი, რაც მოლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – ნათქვამია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან მიღებულ წერილში.
მერიის მიერ ნაყიდი 160 18-მეტრიანი ავტობუსი, ამჟამად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზეა, თუმცა მათ უმეტესობას ავტობაზის არარსებობის გამო ხაზებზე ვერ ანაწილებენ. ავტობაზის მშენებლობის დასრულება თავდაპირველად 2024 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ვადამ გადაიწია.
