კატეგორიები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის დაპირისპირებაა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის დაპირისპირებაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ყოფილ მრჩეველ ილონ მასკს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპის საშინაო პოლიტიკა გააკრიტიკა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ილონ მასკზე საუბრისას ისეთი კეთილგანწყობილი აღარ ყოფილა, როგორც ადრე.

5 ივნისს მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „იმედგაცრუებულია“ მასკის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალური საგადასახადო და ხარჯების შეახებ კანონპროექტის კრიტიკით და ეს შესაძლოა მათი „შესანიშნავი ურთიერთობის“ დასასრული იყოს.

ილონ მასკმა ამ განცხადებას უპასუხა, დონალდ ტრამპი უმადურობაში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება მისი დამსახურებაა.

„ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები გააკონტროლებდნენ, ხოლო სენატში რესპუბლიკელები 51 ადგილს დაიკავებდნენ“, – წერს ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ორ მილიარდერს შორის მას შემდეგ დაპირისპირება სოციალურ ქსელებში გაგრძელდა და სტატუსი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე არც ტრამპმა დააყოვნა.

„ილონი პოპულარული აღარ იყო, ვთხოვე წასულიყო და წავართვი ის მანდატი, რომლითაც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომანქანები, რომლებიც არავის სურდა. მან რამდენიმე თვით ადრე იცოდა, რომ ამას გავაკეთებდი და ის უბრალოდ გაგიჟდა!“ – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა მორიგი სტატუსი დაწერა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის დაზოგვის უმარტივესი გზა ილონ მასკისთვის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების შეწყვეტა იქნება, რაზეც ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეწყვეტს კოსმოსური ხომალდის, SpaceX Dragon-ის, მისიას, რომელსაც ასტრონავტები ტრანსპორტისთვის იყენებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

რამდენიმე საათში ილონ მასკმა აზრი შეიცვალა და დაწერა, რომ ამას არ გააკეთებს.

სოციალურ ქსელებში დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეფშტეინის საქმის ფაილებშია.

„ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეფშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!“ – წერს ილონ მასკი.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეფშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებული ეფშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ განცხადებისთვის არ უპასუხია, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ ილონ მასკის საქციელი არ სწყინს.

„არ მეწყინება, თუ ილონს ჩემ წინააღმდეგ შემობრუნება ენდომება, თუმცა ეს მას რამდენიმე თვის წინ უნდა ექნა. ეს კონგრესისთვის წარდგენილი ერთ-ერთი საუკეთესო კანონპროექტია, რომელიც ხარჯებს $1.6 ტრილიონი დოლარით შეამცირებს, ხოლო გადასახადებს რეკორდულად შეამცირებს. თუ ამ კანონს არ მიიღებენ, გადასახადები 68%-ით გაიზრდება და კიდევ უფრო უარესს უნდა ველოდოთ. ეს არეულობა მე არ შემიქმნია, უბრალოდ აქ მის მოსაწესრიგებლად ვარ. ეს ჩვენს ქვეყანას დიდების გზაზე დააყენებს. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ახლა საკუთარი პარტიის შექმნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას” დიდ კონკურენციას გაუწევს.

დაკავშირებული ამბები
პროკურორი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს აშშ-ში დონალდ ტრამპის გამოსახულებით შეზღუდული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ
სხვა ამბები