კატეგორიები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მხარეთა შესავალი სიტყვებს მოუსმინა. ამასთან, გამოიკითხა პროკურატურის მოწმე, საქმის მთავარი გამომძიებელი სალომე შიოშვილი.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებითა და წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევით დაადასტურებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ კომისიის მოთხოვნა ნამდვილად არ შეასრულა.

დაცვის მხარემ საკუთარ შესავალ სიტყვაში ამ კომისიის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა – ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა თქვა, რომ კომისიის შემადგენლობა კანონის მოთხოვნებს არ პასუხობს და ის, რომ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლების რაოდენობა სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, არაკონსტიტუციურია.

პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძეს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ ჯარიმას, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავებისა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 16 აპრილს სასამართლომ ამ საქმეზე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

საქმეზე მორიგი სხდომა 17 ივნისს არის ჩანიშნული.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები