სამხრეთ კორეის ოპოზიციონერმა ლიბერალმა კანდიდატმა ლი ჯე-მიუნგმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ლი ჯე-მიუნგმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 49%-ზე მეტი მოიპოვა, ხოლო მისი მეტოქე კიმ მუნ-სუ მეორე ადგილს ხმათა 41%-ით იკავებს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში მეორე ტური არ არსებობს და პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობის პრინციპით, პირველივე ტურში აირჩევა.
ლი ჯე-მიუნგის არჩევით საბოლოოდ დასრულდება ის პოლიტიკური არეულობა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ-იოლის, მიერ ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამოცხადებამ გამოიწვია.
„პირველი მოვალეობა, რომელიც თქვენ დამაკისრეთ, ის იქნება, რომ დავძლიო აჯანყება და უზრუნველვყო, რომ აღარასდროს მოხდეს პუტჩი და ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლება ხალხისვე დასაშინებლად ვეღარ გამოიყენონ“, – ამბობს სამხრეთ კორეის არჩეული პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი.
ეგზიტპოლების მიერ მისი გამარჯვების პროგნოზირებიდან მალევე ლი ჯე-მიუნგმა მხარდაჭერებს განუცხადა, რომ მისი უმთავრესი მიზანი ერის გაერთიანებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები შესაძლოა ერთმანეთს პირადი ინტერესების გამო დაუპირისპირდნენ და პოლიტიკურ ჯგუფებად დაიყონ, ხალხი ვალდებული არაა, რომ ამ დაყოფებს მიჰყვეს. ხალხია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და პოლიტიკოსები კი მუშები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეზე არიან პასუხისმგებელი. პოლიტიკური დაპირისპირებები შესაძლოა არ იყოს თავიდან აცილებადი, მაგრამ ხალხი არ უნდა დაიყოს და ერთმანეთი არ უნდა სძულდეს“, – ამბობს სამხრეთ კორეის არჩეული პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი.
არჩევნების შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა კონსერვატორებისთვის, რომლებმაც იუნ სუკ-იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაკარგეს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე კიმ მუნ-სუმ მხარდამჭერთა წინაშე დამარცხება აღიარა.
„ვეთანხმები ხალხის არჩევანს და კანდიდატ ლი ჯე-მიუნგს მინდა გამარჯვება მივულოცო“, – ამბობს პრეზიდენტობის კონსერვატორი კანდიდატი კიმ მუნ-სუ.
60 წლის ლი ჯე-მიუნგს მემკვიდრეობით მძიმე სამუშაო ერგო.
არჩეულ პრეზიდენტს ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება და საგარეო პოლიტიკური სირთულეების გადაჭრა მოუწევს.
გამოწვევებს შორის უმთავრესი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ტარიფები და ჩრდილოეთ კორეის სწრაფად განვითარებადი ბირთვული პროგრამა იქნება.