კატეგორიები

„თვალი ადევნეთ ჩვენს მდგომარეობას“ – სამოქალაქო აქტივისტების სიტყვით გამოსვლა DROI-ის რიგგარეშე სხდომაზე

„თვალი ადევნეთ ჩვენს მდგომარეობას“ – სამოქალაქო აქტივისტების სიტყვით გამოსვლა DROI-ის რიგგარეშე სხდომაზე
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოდან. მათ შორის იყო პროევროპული საპროტესტო აქციებისას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და, ქეთევან ქერაშვილი.

სპიკერებმა საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებზე, შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დასაცავად.

„ნათქვამია, მეზობელს ვერ აირჩევო — და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს არაერთხელ გადაუტანია რუსული ოკუპაცია, და დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ომთან ვდგავართ პირისპირ. ეს ომი იჩენს თავს ე.წ. “მცოცავი ოკუპაციით”, დეზინფორმაციით, ძალადობითა და შიშის სისტემური გავრცელებით.

საქართველოს ისტორიაში ჩვენ მრავალჯერ გადავიტანეთ ოკუპაცია. მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ლამაზი მთები და სოფლები. ისინი შევინახეთ როგორც საკუთარი თავისთვის ისე მსოფლიოსთვის — რათა ყველამ იხილოს ჩვენი ქვეყნის სილამაზე. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ის დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი წინაპრების  სიმამაცით და დღეს გრძელდება ახალი თაობის მიერ — თაობის, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა…

ნოემბრიდან მარტამდე, დაპატიმრებულთა 60% გახდა ძალადობის მსხვერპლი. ზოგიერთ დღეს, დაკავებულთა 80%-დან 88%-მდე წერდა არაადამიანურ მოპყრობაზე. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები, არასრულწლოვანები, შშმ პირები და ჟურნალისტები.

მათ შორისაა მზია ამაღლობელი — ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი დამცველი. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები. ისინი არიან სტუდენტები, ექიმები, დედები, ვეტერანები, ხელოვანები. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სინდისი…

უნდა ითქვას: არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა, არ დასჯილა. არსებობს მმართველი ჯაჭვი, რომელიც სისტემურად არღვევს კანონებს და არღვევს ადამიანის უფლებებს — და არც ერთი პირი არ არის პასუხისმგებლობით დაკავებული.

ჩვენ მოგმართავთ თქვენ — ევროპის ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს — თვალი ადევნოთ ჩვენს მდგომარეობას. გთხოვთ, დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები. რადგან, როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც.

ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ქმედება. რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს არ ეხება — ის ეხება ევროპას. თუ საქართველო დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში — ეს ევროპის მომავლის ნაწილის დაკარგვა იქნება“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ქეთევან ქერაშვილმა.

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც. მიმართვაში მან ახსენა ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის უფლებრივი მდგომარეობა.

„საქართველოში ყოფნისას გვინდოდა მზია ამაღლობელის მონახულება ციხეში, ნებართვა ვთხოვეთ. არ მოგვცეს ამის უფლება. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებია. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ.

ცნობილია, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი 4 ივნისს მიიღებს დოკუმენტს, რომლითაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს.

ეს დოკუმენტი მოიცავს 2023-2024 წლებში ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს. მისი მომხსენებელი არის ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები