სირიის დედაქალაქ დამასკოში, ელჩის რეზიდენციასთან, დიდი ხნის შემდეგ პირველად კვლავ აღმართეს შეერთებული შტატების დროშა.
რეზიდენცია 2012 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა ძალადობით უპასუხა მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მუხტს. როგორც ცნობილია, პროტესტი შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ არ გაუხსნია საელჩო სირიაში, ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და დამასკოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას მიანიშნებს.
შეერთებული შტატების ელჩი თურქეთში, ტომ ბარაკი, რომელიც ასევე ახლახან სირიაში ამერიკის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, რეზიდენციის გახსნის ღონისძიებაზე დამასკოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარას და დაესწრო ამერიკულ, კატარულ და თურქულ კომპანიებს შორის ქვეყნის ელექტროქსელის განახლების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
კომპანიების კონსორციუმი განავითარებს კომბინირებული ციკლის აირზე მომუშავე ოთხ ტურბინას, ასევე 1000 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს.
დასრულების შემდეგ ეს პროექტები სირიის ელექტროენერგიის მოთხოვნის 50 პროცენტზე მეტს დააკმაყოფილებს. ახალი შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება სირიის ახალ მთავრობასთან დაკავშირებით.
ამ თვის დასაწყისში ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში განაცხადა, რომ მოიხსნება ათწლეულების განმავლობაში სირიაზე დადებული სანქციები. მან ასევე პირობა დადო, რომ დაეხმარება ქვეყანას აღდგენაში.