მთავარისაქართველოსასამართლომ ნიკა მელიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა

სასამართლომ ნიკა მელიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა

ბოლო ერთ კვირაში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის ორი გამამტყუნებელი განაჩენი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ორი ლიდერის წინააღმდეგ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემდეგ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით ნიკა მელიას შეეცვალა.

პროცესზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დააკავეს  29 მაისს ლისის ტბის ასახვევთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

„სულ რაღაც 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გააჩერა. პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მძღოლს მართვის მოწმობა სთხოვა. მისი გამომეტყველებითაც ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა. ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა მძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. ვიღაცამ, ეტყობა მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა „ობიექტი“ თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე რა ხდებოდა…“ – თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო სხდომაზე.

სიტყვით მიმართვისას ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს „უკანონო დავალებების შემსრულებელი“ უწოდა და წყალი შეასხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარბაზიდან გააძევეს.

„თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა, ფაქტია, რომ დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები… მეტიც, ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებებს“, – მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.

ნიკა მელიას მიმართ აღძრულ საქმეს „აბსურდულად“ აფასებენ მისი უფლებადამცველები. მათი თქმით, პოლიტიკოსის მიმართ ყველა სამართლებრივი ნორმა დაირღვა, როცა ის დაკისრებული გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი. ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა – არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება იყოს, წერტილი აქ! ფაქტი არის ამბავი და ფაქტი არის ის, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყო შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა და ნიკა მელიას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ ნიკა მელია თავიდანვე უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე, რაც, მისი აზრით, პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკმარისი საფუძველი იყო.

„ჩვენ 29 დღის განმავლობაში ნიკანორ მელიასგან პოზიციას ვისმენდით, რომ იგი გირაოს ოდენობის გადახდას არ აპირებდა, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა. ბუნებრივია, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო. საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო, სახეზე იყო, ვინაიდან მან სასამართლოს განჩინება უგულებელყო, არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება“, – თქვა საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.

ოპოზიციის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომას ესწრება, თბილისი, 22 მაისი, 2025 წელი Copyright AP

ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეკრებილებსაც არ უშვებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. ადგილზე დილიდან კვლავ სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება იყო. ვიდრე ნიკა მელიას საქალაქო სასამართლოში გადაიყვანდნენ, ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 მაისის დილას წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. უცნობია, რატომ გადაწყვიტა შსს-მ ადგილზე სპეციალური ტექნიკის მობილიზება. უწყებას არაფერი განუმარტავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend