„საქართველოში სამართალდამცავი უწყებები, სასამართლო სისტემის ჩათვლით, ატარებენ და ემსახურებიან პარტიულ ინტერესებს და არა საზოგადოებას“, – ასეთი მოკლე დასკვნა უდევს რეზიუმედ ფართო კვლევას, რომელიც „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით აწარმოვა.
წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში ანალიტიკოსები დააკვირდნენ ძალოვანი უწყებების ქცევას განსაკუთრებით საპროტესტო აქციებისას.
როგორ და რა მიზეზით აკავებდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს; რა გზას გადიოდა ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეები რიგითი პოლიციელის, პროკურორებისა თუ მოსამართლეების ჩართულობით – კვლევის ავტორი და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფომ აქტიურად გამოიყენა სასტიკი მოპყრობა აქციების დაშლისას და დაკავებებისას. შემდგომ კი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ყველაზე მკაცრი მექანიზმები აამოქმედა, რაც მათივე თქმით, ძალოვანი უწყებების ღიად პოლიტიზებაზე მიუთითებს.
ანგარიშის თანახმად,
„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:
– სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ჟურნალისტები დაექვემდებარნენ სისტემურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას, წამებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას;
– სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა იყო კოორდინირებული და სისტემური;
– სახელმწიფომ არ აწარმოვა ეფექტიანი გამოძიება არც რიგითი სამართალდამცავებისა და არც ხელმძღვანელი პირების მიმართ. არ დასაჯა არც ერთი სამართალდამცავი;
– ყოველ მომდევნო წელს, სახელმწიფო უფრო ლოიალური ხდება კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების მიმართ;
– 2024 წელს არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის;
– შემცირებულია პოლიციელთა დისციპლინური დასჯის მაჩვენებელიც. 2024 წელს ამ ციფრმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში;
– ამის პარალელურად, სახელმწიფო ატარებდა რეპრესიულ პოლიტიკას აქციის მონაწილეების მიმართ;
– აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფომ აქტიურად გამოიყენა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ყველაზე მკაცრი მექანიზმები;
– აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები ნაწარმოებია კანონის არსებითი დარღვევით;
– ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. ისინი სრულად ექვემდებარებოდნენ მმართველ პარტიას და გვევლინებოდნენ მათი პოლიტიკური დავალებების უპირობო შემსრულებლებად.
კვლევის ანგარიშში განხილულია ისეთი საქმეები, როგორიცაა კანონდამრღვევი პოლიციელების დაუსჯელობის მაგალითები. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ჟურნალისტები დაექვემდებარნენ სისტემურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას, წამებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ამ ფონზე კი, არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის. კვლევაში აღნიშნულია, რომ პირიქით, ასეთი ქცევა წახალისებული იყო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან და ხშირად ასეთ პოლიციელებსა და მათ ხელმძღვანელობას აჯილდოებდნენ კიდეც.
„ამ ანგარიშიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მთლიანად ემსახურებიან მხოლოდ ერთ პარტიას. ანგარიში ძალიან მძიმე სურათს ხატავს იმისა, თუ როგორ იქცეოდნენ პოლიციური უწყებების წარმომადგენლები განსაკუთრებით, დეკემბერსა და იანვარში. ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკის ერთგვარი ტალღა მათი მხრიდან. ამ ფონზე არათუ უბრალოდ ეპატიებათ მათ ასეთი ქმედებები, არამედ ფორმალურადაც არ მიმდინარეობს გამოძიება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“, – აცხადებს „სამოქალაქო საზოგადოების“ ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი.
საპოლიციო უწყებების საქმიანობის შემსწავლელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ პოლიტიკოსები ოპოზიციური პლატფორმებიდან. მათი განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების ყველა შტო, უხეშად არღვევს პოლიციელთა პოლიტიკურად ნეიტრალურობას და ასრულებენ „ქართული ოცნების“ პარტიულ საჭიროებებზე მორგებულ დავალებებს. ეს კი, პოლიციელის, როგორც საზოგადოებისა და კანონიერების დამცველის საქმიანობას აკნინებს.
„კანონის უზენაესობის ცენტრის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ანგარიში ხელმისაწვდომია მათ შორის სამართალდამცავი უწყებებისთვის და მასში ასახულ კრიტიკულ რეალობასთან ერთად რეკომენდაციებიცაა მოცემული.
ავტორი: ალეკო გვეტაძე